კოვიდცენტრებში თავისუფალი ადგილები პრაქტიკულად აღარაა, შესაძლოა მალე საველე ჰოსპიტლები მოეწყოს - კლინიკების ასოციაცია
კოვიდცენტრებში თავისუფალი ადგილები პრაქტიკულად აღარაა, შესაძლოა მალე საველე ჰოსპიტლები მოეწყოს - კლინიკების ასოციაცია

A+ A-

15:58 23/11/2020

საქართველოს კლინიკების ასოციაცია მთავრობას ე.წ. საველე ჰოსპიტლების გახსნის მოთხოვნით მიმართავს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კოვიდცენტრებში თავისუფალი ადგილები პრაქტიკულად აღარაა და დიდ კლინიკებთან, 100-დან 500-ს პაციენტამდე გათვლილი კარვების გახსნა უკვე აუცილებელია.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე ამბობს, ყველა ის ადგილი, სადაც ხდება ადამიანების მასიურად თავშეყრა, უნდა იქნეს ძალიან მკაცრად გაკონტროლებული.

"ჰოსპიტალური სექტორი ამჟამად საკმაოდ დიდ დაწოლას განიცდის და შესაძლებელია ითქვას, რომ პრაქტიკულად ადგილი არ არის ჩვენ კლინიკაში, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების მასობრივი თავშეყრის ადგილები შეიზღუდოს და რაც შეიძლება მკაცრად გაკონტროლდეს. შესაძლებელია სავაჭრო ცენტრები სრულად არ დავკეტოთ, მაგრამ გარკვეული თამაშის წესები უნდა იქნეს მიღებული. რა თქმა უნდა წერტილოვანი შეზღუდვები უნდა იყოს, რა ხარისხით და სად ამას ალბათ განსაზღვრავენ კომპეტენტური ორგანოები. მე მიმაჩნია, რომ ყველა ის ადგილი, სადაც ხდება ადამიანების მასიურად თავშეყრა, უნდა იქნეს ძალიან მკაცრად გაკონტროლებული, ვთქვათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი", - განაცხადა  გოფოძემ.

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი მეგი კობახიძე კი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდება და ამ ყველაფერს ვერ გაუძლებს. 

"ყოველდღიურად თუ ასეთი მატება იქნება დადასტურებული შემთხვევების, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდება და ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ რასაც ვხედავთ ახლა, ჩვენი კლინიკის მაგალითზე თავისუფალი ადგილები ფაქტიურად აღარ არის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაითავისოს თითოეულმა მოქალაქემ", - განაცხადა კობახიძე. 

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690-ს.