პარლამენტის პირველი სხდომა 10 დეკემბრიდან უნდა ჩაინიშნოს - ლევან ალაფიშვილი
პარლამენტის პირველი სხდომა 10 დეკემბრიდან უნდა ჩაინიშნოს - ლევან ალაფიშვილი

A+ A-

16:10 23/11/2020

პარლამენტის პირველი სხდომა 10 დეკემბრიდან, არაუგვიანეს 20 დეკემბრამდე უნდა ჩაინიშნოს. ამის შესახებ „2020NEWS“-ს კონსტიტუციონალისტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველ ძალას პირველი სხდომის ჩატარების პრობლემა კანონის თვალსაზრისით არ აქვს.

„ცესკოს არჩევნების შედეგების შეჯამებისათვის ვადა 10 დეკემბრამდე აქვს. საარჩევნო კოდექსის 196-ე მუხლის თანახმად, ცესკო კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, ადგენს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად კი, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. კონსტიტუციის იმავე მუხლის მოთხოვნით, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა - 76 დეპუტატი ესწრება“, - განმარტა ალაფიშვილმა.

რაც შეეხება ბიუჯეტის დამტკიცებას, ალაფიშვილის განმარტებით, ეს საკითხი პარლამენტის თავზე „დამოკლეს მახვილივით“ აღარ კიდია.

„მმართველ ძალას ბიუჯეტის დამტკიცებისათვის დრო ჯერ კიდევ, დეკემბრის ბოლომდე აქვს. კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, ბიუჯეტის დაუმტიცებლობა მთავრობის პასუხისმგებლობის, ან პარლამენტის დათხოვნის საფუძველი აღარ ხდება“, - განმარტა ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ძალამ 90 მანდატის მიღება შეძლო. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ირინა მაკარიძე