ამ ეტაპზე სრული ლოკდაუნი არ იგეგმება - მთავრობის ადმინისტრაცია
ამ ეტაპზე სრული ლოკდაუნი არ იგეგმება - მთავრობის ადმინისტრაცია

A+ A-

16:21 23/11/2020

ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელი დამატებითი ღონისძიებები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა.

ამ ეტაპზე სრული ლოკდაუნი არ იგეგმება, რადგან სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა რესტორატორებისგან დეტალურად მოისმინეს პოზიციები პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევების შესახებ და განიხილეს, თუ რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით.

საუბარი შეეხო ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა, რომ ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის ფონზე გამოწვევებია სექტორში წესების დაცვის კუთხითაც.

შესაძლო დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე სრული ლოკდაუნი არ იგეგმება, რადგან სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.