ექსკლუზივი: როგორ მიკლავთ ხალხს?! - დიდი დაპირისპირება პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის
ექსკლუზივი: როგორ მიკლავთ ხალხს?!  - დიდი დაპირისპირება პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის

A+ A-

12:14 24/11/2020

როგორ მიკლავთ ხალხს?! - პრემიერი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრს შიდა შეხვედრაზე მწვავედ დაუპირისპირდა. ამავე სხდომაზე საწოლფონდის უქონლობისა და უამრავი ინფიცირებული ადამიანის საავადმყოფოს გარეთ დარჩენის გამო, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. ამის შესახებ „2020NEWS“-ს სამთავრობო კულუარებიდან ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირება იმდენად გამწვავადა, „ლოგიკურ“ შედეგამდეც მივიდა, წყაროს თქმით, ბიძინა ივანიშვილის პირადი სტომატოლოგის,  ეკატერინე ტიკარაძის ადგილს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე დაიკავებს. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ბიძინა ივანიშვილის „დაბროც“ აქვს.

ჩვენი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმა მას შემდგომ მიიღო, რაც ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გამწვავდა, ინფიცირებულ ადამიანებს კი საწოლფონდის უქონლობის გამო, საავადმყოფოებში  ვეღარ ათავსებენ.  

სწორედ მინისტრი ტიკარაძე იღებდა გადაწყვეტილებებს საწოლფონდის შექმნასა და დამატებასთან დაკავშირებით, ინფიცირებულთა ზრდის ფონზე კი უცებ აღმოჩნდა, „ქვეყნის მთავარი სტომატოლოგის“ მართული პროცესი, რბილად რომ ვთქვათ, ჩავარდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი იმატა, მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ვეღარ გადაარჩინეს.

შესაბამისად, ტიკარაძის გადადგომა არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრმა, არამედ სამედიცინო სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმაც მოითხოვეს.

ამასობაში კი, საქართველოს მოსახლეობა პანიკაშია. საწოლფონდის უქონლობის გამო ადამიანები დახმარებას სოციალურ ქსელ ფეისბუქში ითხოვენ და ამ თემაზე მწვავე პოსტები მომრავლდა.

მათი თქმით, „ნაცნობების“ გარეშე კლინიკაში მოთავსება შეუძლებელია. სასწრაფო სამედიცინო დახმარება კი, მათ  ადგილების თავად მოძებნას ურჩევს.

„სასწრაფოდ!!!! მჭირდება დახმარება თუ ვინმე ნაცნობი მყავხართ საავადმყოფოში, რომ გადამაყვანინოთ ბაბუ!!!! კოვიდ ინფიცირებულია გთხოვთ დამეხმარეთ !!!! სასწრაფომ ისევ თქვენით თუ ნახავთ ადგილსოოო !!!!“, - წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებელი თაკო ვარდოსანიძე.

 

 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ახლობლები საწოლფონდის დეფიციტში, ბუნებრივია,  ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ადანაშაულებენ.

 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის პორტფელი ეკატერინე ტიკარაძემ 2019 წლის 18 ივნისს დაიკავა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 ადამიანი, 39 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში ამა წლის  26 თებერვალს გამოვლინდა.

ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ამირან გოგიტიძის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 332 ეკიპაჟი ემსახურება.

ხატია მამულია