მთავრობა კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე დამატებით შეზღუდვებს არ აწესებს
მთავრობა კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე დამატებით შეზღუდვებს არ აწესებს

A+ A-

13:13 24/11/2020

მთავრობა კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე დამატებით შეზღუდვებს არ აწესებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 

ცქიტიშვილის თქმით,  სისტემური ლოკდაუნის შესახებ გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციების შედეგად უნდა იქნას მიღებული. 

„როგორც მედიასაშუალებებით, ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გუშინაც, დღესაც, ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ლოკდაუნების შესახებ. მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება არის სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული ფართო კონსულტაციების გზით, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ და ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე განცხადებით, უნდა შეირჩეს ისეთი ქმედითი ნაბიჯები, რაც ვირუსის გადაცემის ჯაჭვს გაწყვეტს და ეკონომიკას ნაკლებად დააზიანებს. 

„სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, რომელიც, ერთის მხრივ შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა; მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო დღეების ან არა სამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით ან ისევ მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით.

ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი და ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო იყენებს, ამას ვხედავთ ჩვენ ძალიან აქტიურად მათ შორის მედია საშუალებების გაშუქებითაც, თუ რა შეზღუდვები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ჩვენც ამ შეზღუდვებიდან, ერთ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში ერთი და იგივე პრინციპებია. შესაბამისად ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთის მხრივ იქნება ქმედითი, იქნება ორიენტირებული გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტაზე და გავრცელების შენელებაზე და მეორე მხრივ, იქნება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ეკონომიკას“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტუიშვილი ასევე განმარტავს, რომ ყველანი ერთად უნდა მოვემზადოთ ვაქცინაციის იმ ეტაპისთვის, რომლისთვისაც უკვე მსოფლიო ემზადება.

„მოგეხსენებათ, ჩვენ დაწყებული გვაქვს მსჯელობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების თაობაზე, თუმცა ეს მსჯელობა მიმდინარეობს ბიზნესსუბიექტების,  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით. გუშინ გვქონდა საშუალება, მთავრობის ეკონომიკური გუნდი შევხვედრილიყავით სხვადასხვა სფეროს ბიზნესს და მხოლოდ ასეთი კომუნიკაციით, ბიზნესთან ერთობლივად უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთი მხრივ, ეპიდემიოლოგიურად დაგვეხმარება ვირუსის დინამიკის მართვაში და მეორე მხრივ, ნაკლებად დამაზიანებელი იქნება ჩვენი ბიზნესისთვის. გარდა ამისა, ჩვენ დღეს აქტიური საუბარი გვქონდა მათ შორის იმ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომელიც საჭიროა, რათა ყველანი ერთად მოვემზადოთ ვაქცინაციის იმ ეტაპისთვის, რომლისთვისაც უკვე სრულიად მსოფლიო ემზადება, რათა როგორც კი იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინა, მაშინვე ქვეყნები იყვნენ მზად იმისთვის, რომ მიიღონ ვაქცინა და განახორციელონ ვაქცინაცია“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.