ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბნის შულერობამდე დაეცა - გია ხუხაშვილი
ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბნის შულერობამდე დაეცა - გია ხუხაშვილი

A+ A-

13:54 24/11/2020

ივანიშვილმა ქვეყანა ღრმა შუა საუკუნეებში შეიყვანა. ის არჩევნებს კი არ იგებს, ყიდულობს, საარჩევნო უბნის შულერობამდე დაეშვა. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა, ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილმა "2020NEWS"- თან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

„ადრე თუ გვქონდა ავტორიტარიზმი, ახლა გვაქვს "ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი", რაც საერთოდ ანაქრონიზმია. დიქტატორები არსებობენ სამყაროში, მაგრამ პრეზიდენტები, პრემიერები არიან. ლუკაშენკო აღიარებული დიქტატორია, მაგრამ პრეზიდენტია. ჩვენთან ძალაუფლებას ფლობს ადამიანი, რომელიც არაა ინსტიტუციონალიზებული, რაც ღრმა შუა საუკუნეებია. ეს რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა. რაც მთავარია, ის ცინიკურად უყურებს ყველაფერს, ივანიშვილი არჩევნებს ყიდულობს, კი არ იგებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.

კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ხომ არ ნიშნავს, რომ ის დიალოგისაკენ ნაბიჯების გადადგმას აპირებს, ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი არავითარ მოლაპარაკებას არ აპირებს.

“არავითარი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს ბიძინა ივანიშვილი. მას რაიმე ნაბიჯების გადადგმა რომ სდომოდა, აქამდე გადადგამდა და ასეთ დღეში არ ჩაიგდებდა თავს. ამხელა ბუმბერაზი ადამიანი საარჩევნო უბნების შულერობამდე დაეცა. ამით თავისი ისტორიული ავტორიტეტი გაანულა და მინუსებში გადაიყვანა. მისთვის ერთადერთი ფასეულობა დარჩა - ძალაუფლება, როგორც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტი. მისთვის დიაგნოზი უკვე დასმულია. ბიძინა ივანიშვილი საერთოდ აღარაა საინტერესო. ახლა საინტერესოა, როგორ შეგვიძლია ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური განვითარების კალაპოტში. ბიძინა ივანიშვილის მოშორება არის ამის ინსტრუმენტი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. როგორც ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ყველაფერი კარგად იქნება და ქვეყანა მრავალპარტიულ პარლამენტს მიიღებს.

ირინა მაკარიძე