ფრთხილად, ოპოზიციის დასაცავი არ გახდეთ - დეკანოიძე ხელისუფლებას

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ქვეყანა გადაჩეხა და ოპოზიციას აბრალებს, შესაძლოა ხელისუფლება ოპოზიციის დასაცავი გახდეს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს.
დეკანოიძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ჯანდაცვის სისტემური ჯაჭვის გამართვასა და დაღუპულ ეკონომიკაზე იმსჯელოს, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას საკუთარ ხალხს აბრალებს .
„ხელისუფლების სიმდაბლე ყველაზე უფრო მძაფრად იმაშიც გამოიხატება, რომ საკუთარ ხალხს აბრალებს ვირუსის გავრცელებას. იმის მაგივრად გადაწყვეტილებებზე იმსჯელონ, ჯანდაცვის სისტემური ჯაჭვის გამართვაზე და დაღუპულ ეკონომიკაზე ილაპარაკონ - ოპოზიციის ბრალი ყოფილა ვირუსის გავრცელება... წარმოუდგენელად რთულ მდგომარეობაში იგდებს ივანიშვილის ხელისუფლება თავს...გადაჩეხეს ქვეყანა და ისევ ჩვენ გვაბრალებენ... ფრთხილად, ოპოზიციის დასაცავები არ გახდეთ“, - წერს სოციალურ ქსელში დეკანოიძე.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვირუსის გავრცელებას ოპოზიციის საპროტესტო აქციებს უკავშირებს. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.