"ჯორჯიან მანგანეზი" კოვიდინფიცირებულ მუშებს უფასო შვებულებაში არ უშვებს - რა ხდება ჭიათურის მაღაროების უჟანგბადო ჯურღმულებში
"ჯორჯიან მანგანეზი" კოვიდინფიცირებულ მუშებს უფასო შვებულებაში არ უშვებს - რა ხდება ჭიათურის მაღაროების უჟანგბადო ჯურღმულებში

A+ A-

17:21 25/11/2020

კომპანიაჯორჯიან მანგანეზისაშინელებას სჩადის ჭიათურის მაღაროებში და კორონავირუსით ინფიცირების მატების მიუხედავად, საწარმოო პროცესს არ აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “Gmc-მონიტორინგის ცენტრისწევრი ნოდარ ჩაჩანიძე ავრცელებს. ერთ-ერთი მაღაროს ექიმმა „2020NEWS“-ს მუშათა ინფიცირების ფაქტები დაუდასტურა, კომპანიაჯორჯიან მანგანეზმა კი უარყო.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მკვლელები ხართ!!!”- წერს სოციალურ ქსელში ჩაჩანიძე და აცხადებს, რომ მაღაროში დასაქმებულ თანამშრომლებს არ აქვთ საშუალება, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

“საშინელებას სჩადის კომპანია ჭიათურის მაღაროში!!! ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში, ჩემი ინფორმაციით 9 მაღაროელს დაუდასტურდა კორონავირუსი!!! კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" არ აჩერებს საწარმოო პროცესს და იქ დასაქმებულ მაღაროელებს საშუალება არ აქვთ გადავიდნენ თვითიზოლაციაში. პრეტენზიის შემთხვევაში, ხელმძღვანელობა მხოლოდ უხელფასო შვებულებაში გასვლის უფლებას აძლევს!!! ალბათ ყველა ხვდებით რასთან გვაქვს საქმე... აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე საქმის კურსში ჩავაყენე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და ასევე დავუკავშირდი პროფკავშირების იურისტს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭკუას მოუხმეთ და სასწრაფოდ გაატარეთ ყველა საჭირო ღონისძიება, როგორც შუქრუთის მაღაროში, ასევე სხვა მაღაროებში, სადაც ინფექცია ვრცელდება!“,-წერს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი.

“2020NEWS“, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „შუქრუთი +“-ის ექიმს, პაატა ცუცქირიძეს დაუკავშირდა. როგორც ექიმი აცხადებს, მაღაროში კორონავირუსი მართლაც დაფიქსირდა, თუმცა, რამდენიმე კვირის წინ და შესაბამისი ზომებიც იქნა მიღებული.

„შუქრუთი +“-ის რამდენიმე თანამშრომელს მართლაც დაუდასტურდა კორონავირუსი, ასე 1-2 კვირის წინ და ჩვენ შესაბამისი ზომები მივიღეთ. სხვა დამატებით დეტალებზე პასუხს ვერ გაგცემთ, პრესსამსახურს დაუკავშირდით“, - გვითხრა ექიმმა.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” კი,  2020NEWS“-თან საუბრისას უარყვეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მაღაროებში მუშებს კორონავირუსი დადასტურდათ.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, შპს "შუქრუთი +"-ის 9 მაღაროელს კორონავირუსი დაუდასტურდა და მათ არ აქვთ შესაძლებლობა, თვითიზოლაციაში გადავიდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. შპს "შუქრუთი +" ზედმიწევნით ასრულებს საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

კომპანია საწარმოო ობიექტებზე სისტემატიურად ატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს, დასაქმებულებს ყოველდღიურ რეჟიმში უტარდებათ თერმოსკრინინგი. ასევე, პერიოდულად ტარდება PCR ტესტირება. თანამშრომლები აღჭურვილნი არიან პირადი დაცვის საშუალებებით“, - აცხადებენ „ჯორჯიან მანგანეზში“.

არადა, სააგენტოსთვის ინფორმირებული წყაროსგან ასევე გახდა  ცნობილი, რომ კორონავირუსი, "შუქრუთი +"-ის გარდა, სხვა მაღაროების თანამშრომლებსაც დაუდასტურდათ. თუმცა, კომპანია მუშაობას მაინც არ აჩერებს.

შეგახსენებთ, 2017 წლის მაისიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ქონებას - საწარმოს ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად მართვის უფლებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი განაგებს. მუშებს მუშაობა გაუსაძლის სიტუაციაში უწევთ.

მარიამ მაჭარაშვილი