დეპუტატის ხელფასს არ ავიღებ, არც პარტიული დაფინანსების მომხრე ვარ, მაგრამ უმცირესობაში აღმოვჩნდი - ჩარკვიანი
დეპუტატის ხელფასს არ ავიღებ, არც პარტიული დაფინანსების მომხრე ვარ, მაგრამ უმცირესობაში აღმოვჩნდი - ჩარკვიანი

A+ A-

13:20 26/11/2020

„გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების“ შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან კუთვნილი პარტიული დაფინანსება ოფიციალურად მოითხოვა, მაგრამ შესაძლოა მასზე უარი განაცხადოს პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა. მოთხოვნილ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის სათქმელად, ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს 3 დღე აქვთ.

როგორც ჩარკვიანი აცხადებს, მას არც ახლა უნდა დაფინანსება, თუმცა საკუთარ კოალიციაში, გადაწყვეტილების მიღების დროს, უმცირესობაში აღმოჩნდა.

რა ხდებოდა კულუარებში, როდესაც ქუჩაში, გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გასული პარტიები საბიუჯეტო დაფინანსების საკითხზე მსჯელობდნენ, ამ და სხვა თემებზე „2020NEWS“-თან კოალიცია “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი თავად საუბრობს.

-ცესკოს 9 პარტიამ მიმართა დაფინანსების მოთხოვნით, მათ შორის, თქვენმა პარტიამაც, თქვენ მანამდე განაცხადეთ, რომ „ოცნებისგან“ დაფინანსება არ გჭირდებოდათ, რატომ შეცვალეთ გადაწყვეტილება?

- დიახ და არც ვიღებთ. საპარლამენტო, სადეპუტატო დაფინანსებაზე უარს ვამბობთ, მაგრამ არსებობს მეორე საკითხი - მივიღოთ თუ არა გარე დაფინანსება?  ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ხელი არც გარე დაფინანსებას მოვკიდოთ, იმდენად ვართ გაღიზიანებული ხელისუფლებაზე, არჩევნების გაყალბებისთვის.

ცხრა პარტიამ დაფინანსება მოითხოვა, მე, ჩემი აზრით, აღმოვჩნდი უმცირესობაში იმიტომ, რომ პარტიები დაფინანსების გარეშე სრულ ლიკვიდაციაზე მიდიან.  ჩვენც თუ რამე ფინანსური რესურსი გვქონდა - მე, ჩემს მეუღლეს, მეუღლის პარტნიორებს, გიორგი ვაშაძეს არჩევნებზე ყველაფერი ამოვწურეთ.

ჩვენ ახალ არჩევნებს ვითხოვთ, ცხადია, პარლამენტში არ შევალთ, ეს მოთხოვნა უცვლელია, არც საპარლამენტო ხელფასების აღებაზე არ არის საუბარი, საუბარია პარტიის არსებობაზე.

ჩვენ დილემის წინაშე დავდექით: ამომრჩეველმა ხმა მოგვცა და ამ გაყალბებულ არჩევნებშიც კი,  ჩვენმა ბლოკმა ოთხი მანდატი მიიღო.

წარმოიდგინეთ, ასეთი გაყალბების დროსაც კი რამდენი ადამიანის ხმაა და ამ დროს ამ ამომრჩეველს ცარიელს ტოვებ, დეპუტატების გარეშე.

ის, რომ ჩვენი ამომრჩეველი ბიძინა ივანიშვილმა დაჩაგრა და გაუყალბა არჩევნები, ერთი საკითხია და ახლა ამავე ამომრჩეველს ის პარტია, რომელიც მან ამოარჩია, ხმა მისცა, საერთოდ ცარიელს ტოვებს - არჩეული პარლამენტარის გარეშე.

ეს დაფინანსება ხალხის ბიუჯეტია და არა -ხელისუფლების. ბიუჯეტიდან ფინანსების გამოყოფა იმიტომ ხდება, რომ დემოკრატიული გარემო იყოს და ბევრმა პარტიამ შეძლოს არსებობა.

-მაგრამ დაფინანსების მიღება, როგორც „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, არჩევნების ლეგიტიმურად აღიარებას ნიშნავს, თქვენ ღიარებთ არჩევნების შედეგებს?

-ასე არ არის, როცა პარლამენტში დეპუტატის ხელფასს იღებ, სხვა თემაა, მაგრამ როცა ხალხმა მომცა ლეგიტიმაცია და მე უარს ვამბობ ხალხის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, ჩემი მხრიდან არ არის სწორი გადაწყვეტილება.

მე არ მაძლევს ხელფასს ხელისუფლება, ეს არ არის ხელისუფლების მიერ გაცემული ხელფასი. მე დეპუტატის ხელფასს არ ავიღებ. ოფიციალურ განცხადებს გავაკეთებ, რომ არ ავიღებ ხელფასს.

-თუმცა, აიღებთ პარტიულ დაფინასებას და ცესკოს უკვე მიმართეთ...

- დიახ, ეს ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სამი დღე გვაქვს. ამ სამი დღის განმავლობაში, თავისუფლად შეგვიძლია უარის თქმა.

ზუსტი პასუხი არ მაქვს, რას გადავწყვეტთ, შეიძლება უარი ვთქვათ. მაგრამ მეორეს მხრივ - არის ამომრჩეველი, რომელიც კატეგორიულად გვეუბნება, არავითარ შემთხვევაში უარი არ ვთქვათ. ჩვენ რა დავაშავეთო, ამას გვეუბნებიან“.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების უფლება 14 პარტიას აქვს.

ამ დროის მონაცემებით, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს „პატრიოტთა ალიანსს“, „ლეიბორისტულ პარტიას“, „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „ლელოს“.

ირმა ჯოხაძე