რესტორნებისთვის 6 თვის განმავლობაში ბანკის სესხის სუბსიდირება განხორციელდება
რესტორნებისთვის 6 თვის განმავლობაში ბანკის სესხის სუბსიდირება განხორციელდება

A+ A-

16:01 26/11/2020

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ აქამდე უკვე 2 200 მცირე და საშუალო საოჯახო სასტუმროს დავუსუბსიდირეთ ბანკის სესხი და ახლა ეს პროგრამა ფართოვდება, ამაში ჩაერთვებიან ექვსი თვის განმავლობაში რესტორნებიც, ეს არის დაახლოებით 1 500-მდე რესტორანი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ასევე, ტურიზმის სექტორი მიიღებს შეღავათს და 2021 წლის განმავლობაში სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ აქამდე უკვე 2 200 მცირე და საშუალო საოჯახო სასტუმროს დავუსუბსიდირეთ ბანკის სესხი და ახლა ეს პროგრამა ფართოვდება. ამაში ჩაერთვებიან ექვსი თვის განმავლობაში რესტორნებიც, ეს არის დაახლოებით 1 500-მდე რესტორანი მთელი საქართველოს მასშტაბით და მათ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ პროგრამით. ჩვენ ექვსი თვის საბანკო სესხის პროცენტის თანასუბსიდირებას გავაკეთებთ მათთვისაც. ასევე, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორი, დაზარალებული სექტორი მიიღებს ისეთ შეღავათს, რომ 2021 წლის განმავლობაში სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან“, – განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, „მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები მაქსიმალურად დაბალანსდა სოციალური და ბიზნესდახმარების პაკეტით.

„ჩვენი სოციალური დახმარების პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება. ერთი ნაწილი, ეს არის ზოგადად, პანდემიასთან ასოცირებული ეკონომიკური სირთულეებით გამოწვეული პრობლემების დაბალანსება. ეს არის იგივე, რომ ვაგრძელებთ საშემოსავლო გადასახადის თანადაფინანსებას ბიზნესთან ერთად, რაც შეეხება 750 ლარიდან და 1 500 ლარამდე მქონე ხელფასებზე დასაქმებულების შენარჩუნებას, აქ საშემოსავლო გადასახადის ხარჯის გაზიარება კვლავაც გაგრძელდება. სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და სხვადასხვა კატეგორიაზე გაგრძელება დახმარებები, იქნებიან შშმ პირები, თუ კონკრეტული ქულის ქვემოთ სოციალურად დაუცველი ოჯახები. ასეთივე აპრობირებულია კომუნალური ხარჯების სუბსიდირება ოთხი თვის განმავლობაში. გარდა ამისა, ამას ემატება ისეთი სოციალური დახმარება, რომელიც მიმართულია კონკრეტულად იმ სექტორებზე, რომლებსაც ჩვენ დროებით შევზღუდავთ. ეს არის 300 ლარიანი დახმარება შეზღუდული ობიექტების დასაქმებული პირებისთვის. ვიცით, რომ შეზღუდვის შედეგად რამდენიმე კვირის განმავლობაში შემოსავალი უნდა შეუმცირდეს ან დაეკარგოს, თუნდაც ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებს, სხვა დასაქმებულ პირებს, ვისაც სწორედ ამ შეზღუდვების გამო დისკომფორტი ან პრობლემა ექმნებათ, ვცდილობთ ნაწილობრივ დავაკომპენსიროთ და ამას ემსახურება ეს 300 ლარიანი დახმარება. ასევე, ჩვენ ვაწარმოებთ კომუნიკაციას ბანკებთან, რომ ამ დროებით შეზღუდულ ობიექტებში დასაქმებულ პირებს რა საბანკო სესხებიც აქვთ, მოხდეს ამ სესხების გადავადება და ვფიქრობთ, რომ ბანკები მხარს დაგვიჭერენ“, – განაცხადა თურნავამ.