"ლელომ" საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით ცესკოს მიმართა
"ლელომ" საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით ცესკოს მიმართა

A+ A-

17:12 28/11/2020

ცესკო-ში საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით განაცხადი პარტია „ლელომაც“ შეიტანა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

„ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის თქმით, პარტიისთვის საბიუჯეტო დაფინანსება აუცილებელია, რათა პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება შეძლოს.

„ყველამ თავისი სინდისის კარნახით, თავისი მსოფლმხედველობიდან და მოსაზრებებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, უნდა მიიღონ თუ არა დაფინანსება. „ლელოს“ პოლიტსაბჭომ გუშინ იმსჯელა ამ საკითხზე და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ავიღოთ საპარლამენტო დაფინანსება, თუმცა საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც პარტიებისთვის არის გამოყოფილი გადავწყვიტეთ, რომ ავიღოთ, ვინაიდან ეს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებისთვის აუცილებელია.

ეს დაკავშირებულია არა საპარლამენტო მუშაობასთან, არამედ პარტიის არსებობასთან და მის განვითარებასთან. ზუსტად ამ მიზეზებიდან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საბიუჯეტო და არა საპარლამენტო დაფინანსება ავიღოთ. ეს არის ბუნებრივი პროცესი ჩვენთვის და აქ მგონი კითხვის ნიშნები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა აიღოს პარტიამ დაფინანსება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

როგორც ცნობილია, მანამდე საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით ცესკო-ს უკვე მიმართა ათმა ოპოზიციურმა პარტიამ.

განცხადი ცესკო-ში ამ დრომდე არ შეუტანია „ლეიბორისტულ პარტიას“, ასევე „გირჩს“ და პარტიას „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“.