არ ვიცი, როგორ შეხვდება რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს - ზურაბ აბაშიძე
არ ვიცი, როგორ შეხვდება რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს - ზურაბ აბაშიძე

A+ A-

11:45 02/12/2020

როგორ შეხვდება რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს, ამას დრო გვიჩვენებს - ასე პასუხობს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით, „2020NEWS“-ის დასმულ კითხვებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

აბაშიძის თქმითვე, ამ საკითხზე ჯერ ნატოს ექსპერტები მსჯელობენ და კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ყველაფერს დრო გვიჩვენებს. არ ვიცი, როგორ შეხვდება რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს.

ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს რომ ეთქვა, საქართველო ნატოში ახლავე უნდა შევიდესო, გეტყოდით რაღაცას, მაგრამ არაოფიციალური პირების განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ.

ან ეს რომ იყოს რუსეთის მხრიდან რაიმე სახის ოფიციალური განცხადება, კი ბატონო, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, საექსპერტო მოსაზრებებია და მათ უნდა იმსჯელონ“, - ამბობს აბაშიძე სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოში ახლავე უნდა მიიწვიონ. ეს განცხადება ჰოჯესმა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქსის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე გააკეთა.

ამასთანავე, ნატოს ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს უფრო დაახლოებისთვის ნაბიჯები უნდა გადადგას.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სტუმრობდა.

ხატია მამულია