მორიგი დაპირისპირება ბათუმში - დაკავებულია საპროტესტო აქციის ორი მონაწილე
მორიგი დაპირისპირება ბათუმში - დაკავებულია საპროტესტო აქციის ორი მონაწილე

A+ A-

12:29 02/12/2020

მორიგი დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან - სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე შეკრებილები ჰელიუმის ბუშტების გაშვებას გეგმავდნენ.

როგორც ცნობილია, დაკავებული პირები არიან რეზო ხარაძე და ირაკლი ჩხვირკია.

სამხარეო პოლიციის უფროსის, კოტე ანანიაშვილის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს, ისინი ბუშტების გამო, დააკავეს.

მისი თქმით, ირაკლი ჩხვირკიამ პოლიციელს ნიღაბი ჩამოგლიჯა, ხოლო რეზო ხარაძე პოლიციის კორდონის გარღვევას აპირებდა.

თუმცა, აქციის მონაწილეები ამ ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ აქცია მშვიდობიანია.

ცნობისთვის, გუშინ, ღამით, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე გაშლილ კარვებში ორი მამაკაცი შეიჭრა, აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათ ქმედებას დაპირისპირება მოყვა, მაგრამ ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო ჯგუფმა მოახერხა სიტუაციის განმუხტვა. დაკავებულია ორი პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.