ხელისუფლებას ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების განახლება შედეგს ვერ მოუტანს - გია ხუხაშვილი
ხელისუფლებას ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების განახლება შედეგს ვერ მოუტანს - გია ხუხაშვილი

A+ A-

13:33 02/12/2020

პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების განახლება ხელისუფლებას შედეგს ვერ მოუტანს. ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება მართლმსაჯულებს საზოგადოების პრესინგისათვის იყენებს, რაც ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს.

„არავის აქვს განცდა, რომ პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ ახლა ამ საქმეების განახლება და ჩანიშვნა შემთხვევითია. ის ფაქტი, რომ ხელისუფლება მართლმსაჯულებას იყენებს საზოგადოების პრესინგისათვის, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. სამწუხაროდ, ეს საქართველოს ისტორიას ლაიტმოტივად გასდევს. როდესაც მართლმაჯულება ასეთ პოლიტიურ დაკვეთაზე მუშაობს, ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყანაში არ მგონია, რომ ამ საქმეების ინიცირებით ხელისუფლება შედეგს მიიღებს და ოპოზიციას მოარჯულებს. დაახლოებით შემიძლია წარმოვიდგინო ფიგურანტების განწყობა, რაზე არიან წამსვლელები. არ ვფიქრობ, რომ ამ საქმეების განახლებამ ისინი დააშინოს და რაღაც კომპრომისაკენ მიდრეკილი გახადოს. და მეორე - ეს საქმეები არის საკმაოდ არაცალსახა. ისეთი საქმეებია, რომლებზეც შესაძლებელია პოლიტიკურ დევნაზე საუბარი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, სიბრიყვეა, ასეთი საქმეებით პოლიტიკური შედეგის მიღების იმედი გქონდეს.

„ხელისუფლება იმ მეთოდებით და ინსტრუმენტებით მუშაობს, რაც აქვთ. სავარაუდოდ, ის ამ საქმეების განახლებით ოპოზიციასთან პოლიტიკურ ვაჭრობას აპირებს. ვნახოთ, რისი დათმობა მოუწევს მას“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, ერთმანების მიყოლებით ჩაინიშნა პოლიტიკური ლიდერების და დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელის სასამართლო პროცესები.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს ჩაინიშნა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო პროცესი - 10 დეკემბერს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო 14 დეკემბერსაა ჩანიშნული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი 15 დეკემბერს იგეგმება. ამასთან, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის უცხოელი ელჩების ხელშეწყობით გამართული მოლაპარაკების 2 რაუნდის შემდეგ არსებობდა მოლოდინი მესამე რაუნდის ჩანიშვნის. სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლები ადასტურებდნენ, რომ „ოცნება“ მოლაპარაკებისათვის წინანდადებების პაკეტს ამზადებს და ეს შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.

ირინა მაკარიძე