პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოსამართლეებმა მხოლოდ საბაბად გამოიყენეს - ნაზი ჯანეზაშვილი
პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოსამართლეებმა მხოლოდ საბაბად გამოიყენეს - ნაზი ჯანეზაშვილი

A+ A-

17:00 02/12/2020

პანდემიის პერიოდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოსთვის არის ძალიან ხელსაყრელი პერიოდი შავ-ბნელი საქმეების საკეთებლად. აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „2020NEWS“-თან საუბრისას.

მისივე თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გადადება ნაკარნახევია მხოლოდ პოლიტიკური კონიუქტურით და მას პანდემიასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებთან კავშირი არ აქვს.

„პანდემიის პერიოდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოსთვის არის ძალიან ხელსაყრელი პერიოდი შავ-ბნელი საქმეების საკეთებლად. რაც შეეხება პოლიტიკური მნიშვნელობის საქმეებს, ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რასაც სისტემა ახორციელებს. პოლიტიკური საქმეების ჯერ ჩანიშვნა და შემდეგ პანდემიის მოტივით გადადებაც არის პოლიტიკური კონიუქტურის ნაწილი. ეს რეკომენდაციები სისტემას გუშინ არ მიუღია, აქამდეც არსებობდა, გუშინ მხოლოდ განახლდა. მოსამართლეებმა, რომლებიც აღნიშნულ 4 საქმეს იხილავენ, რეკომენდაციების არსებობა საბაბად გამოიყენეს“, -განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე პოლიტიკური ლიდერების, ნიკა მელიას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეების სასამართლო განხილვები გუშინ, 7-დან 15 დეკემბრის პერიოდში ჩაინიშნა, დღეს კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ახალი რეგულაციების გამო, სხდომები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ირინა მაკარიძე