მგონი ზურა თავად აპირებს "გირჩიდან" წასვლას - სანდრო რაქვიაშვილი
მგონი ზურა თავად აპირებს "გირჩიდან" წასვლას - სანდრო რაქვიაშვილი

A+ A-

11:56 05/12/2020

რაც გავიგე ზურა ჯაფარიძის მეორე განცხადებიდან, ალბათ თავად აპირებს წასვლას. ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი ამავე პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ განცხადებას.

რაქვიაშვილის შეფასებით, აუცილებელია პარტიის წევრების შეკრება და დალაპარაკება, ვინაიდან მსგავსი საკითხები მოკლე ტექსტური შეტყობინებებით არ წყდება.

„ჩვენ გვაქვს პროცედურები, როგორ შეიძლება ამგვარი საკითხები გადაწყდეს. მთავარი პრობლემა რაც არის, ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. გუშინდელი კომუნიკაცია, რაც ზურამ ახსენა, ეს იყო ორი მესიჯი მოწერილი და ორი პასუხი იაგოსგან, რომლიდანაც სამი სიტყვა ამოიღო ზურამ. მგონი, მთლიანად რომ ციტირება გაეკეთებინა, სულ სხვა შინაარსი ექნებოდა. ამ მომენტისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს სახელი. „ფეიჯი“ კიდევ გასაგებია. გაუგებარია მოთხოვნები, თუ დავსხდებით, ვილაპარაკებთ, მგონი, გამოსავალს ვიპოვით. უბრალოდ, სანამ საუბარი არ შედგება ნორმალურად, მგონი ასეთი რაღაცები მესიჯებით არ კეთდება, საბოლოო ჯამში, მე მგონი ოთხი ადამიანი შეთანხმდება რაღაცაზე. ჯერჯერობით, ზურა ასეთი ფორმით კომუნიკაციას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა, საუბარი სანამ არ შედგება“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, არასერიოზულია იმაზე საუბარი, ვინ მოიგონა სახელი „გირჩი“.

„არ ვაღიარებთ ინტელექტუალურ საკუთრებას და უბრალოდ არასერიოზულია, ვინ მოიგონა სახელი „გირჩი“. „გირჩში“ ბევრი რამ სხვადასხვა ადამიანმა მოიგონა და ვის ეკუთვნის პირველი იდეა, ეს თავისთავად არაფერს ნიშნავს.

ჩვენ გვაქვს წესები. ალბათ, ამ წესების ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ. ვინ სად დარჩება, აქედან გამომდინარეობს. რაც გავიგე ამ მეორე პოსტიდან, ალბათ, ზურა აპირებს წასვლას, შინაარსობრივად ასე გამოდის. ყველა შემთხვევაში, ამ წესების ფარგლებში ვიმოქმედებთ და რაც გამოვა, გამოვა“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, იმას, თუ ვის დარჩება სახელი „გირჩი“, არ წყვეტს სოციალურ ქსელში გამოკითხვა. რაქვიაშვილის განცხადებით, აუცილებელია პარტიის პოლიტსაბჭოს შეკრება და დალაპარაკება.

„ასეთ რაღაცებს არ წყვეტს რაღაც გამოკითხვა თავისთავად. ჯერ ერთი, გასაგები უნდა იყოს, საერთოდ რაზეა საუბარი, რას ნიშნავს სახელი, ანუ ფორმალური ნაწილი პარტიის რჩება და სახელს იცვლის და ზურა ახალ პარტიას აკეთებს და „გირჩს“ არქმევს? ასე ხომ არ მოხდება, რომ ავიღოთ და ვიღაცას გადავუფორმოთ რაღაც. მოვიდეს, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, კონკრეტული წინადადება წარადგინოს და ვიმსჯელებთ. ბორდში, საბჭოში 15 ადამიანია, გოგა ხაჩიძეც არის. პირველი, რაც უნდა მოხდეს, უნდა ჩამოყალიბდეს, ზუსტად რა უნდა ზურას, რომ გასაგები იყოს. აქედან გამომდინარე იურიდიულად და შინაარსობრივად გავარკვევთ დეტალებს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ზურაბ ჯაფარიძის მორიგი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და სანდრო რაქვიაშვილს ცივილიზებული ფორმით დაშორება შესთავაზა, პასუხად კი, მიიღო რჩევა, „დაოკებულიყო“. ამასთან ჯაფარიძემ საკუთარ მხარდამჭერებს შესთავაზა, გამოკითხვის საშუალებით მათ გადაწყვიტონ, ვის დარჩება სახელი „გირჩი“ და პარტიის ფეისბუქის გვერდი.