სანდრო გირგვლიანის საქმის "ლეგენდარული" მოსამართლის, ლევან მურუსიძის ხელფასმა 555 ათასს გადააჭარბა
სანდრო გირგვლიანის საქმის "ლეგენდარული" მოსამართლის, ლევან მურუსიძის ხელფასმა 555 ათასს გადააჭარბა

A+ A-

13:06 05/12/2020

გახმაურებული საქმეების მოსამართლის, ე.წ „მოსამართლეების კლანის“ წევრის, ლევან მურუსიძის ხელფასმა 2012-19 წლებში 555 000 ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კვლევაშია ნათქვამი, მურუსიძემ მას შემდეგ, რაც სამოსამართლო საქმიანობა დაიწყო, 105 000 დოლარის ღირებულების 4 უძრავი ქონება შეიძინა და ავტომობილი, რომელშიც 102 000 ლარი გადაიხადა. მიიღო 50 000 დოლარის საეჭვო შემოსავალი, ანგარიშზე კი, 13 000 ლარი აქვს განთავსებული მაშინ როდესაც 2005 წელს მის საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 10 ლარი ფიქსირდებოდა, ნაღდი ფულის სახით კი მას 550 ლარი ჰქონდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2005 წელს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის დროს ლევან მურუსიძეს არანაირი საკუთრება არ გააჩნდა.

როგორც კვლევიდან ირკვევა, პირველი უძრავი ქონება, ბინა თბილისში ლევან მურუსიძემ 2009 წელს შეიძინა 40 000 დოლარად, ამას მოჰყვა ავტოფარეხის შეძენა 5 000 დოლარად 2015 წელს, 2017 წელს მცხეთაში მიწის ნაკვეთის შეძენა 10 500 დოლარად, 2020 წელს კი, მოსამართლემ დაასრულა მცხეთის ნაკვეთზე დაწყებული აგარაკის მშენებლობა.

სწორედ 2020 წელი აღმოჩნდა მოსამართლისათვის ყველაზე ნაყოფიერი. ლევან მურუსიძემ დაასრულა 2018 წელს მცხეთაში დაწყებული აგარაკის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 50 000 დოლარია და ამასთანავე შეიძინა ავტომობილი მერსედეს-ბენცი, რომელშიც 102 000 ლარი გადაიხადა.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციითვე, სამოსამართლო საქმიანობის შედეგად ლევან მურუსიძეს 2012-2019 წლებში შრომის ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 555 496 ლარი.

2012 – 78 600; 2013 – 89 225; 2014 – 89 225; 2015 – 99 965;  2016 – 80 000;  2017 – 80 500; 2018 – 67 215; 2019 – 70 731;

ხოლო რაც შეეხება მოსამართლის სასესხო ვალდებულებებს.  2020 წლის ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძეს ერთი მიმდინარე სესხი აქვს ბანკ თიბისი-ში. მან 2014 წელს 45 000 აშშ დოლარის ღირებულების სესხი აიღო, რომლის მომსახურებაში 2020 წელს 2 318 აშშ დოლარი გადაიხადა.

თუმცა, საინტერესოა მოსამართლის მეორე სასეხო ვალდებულება. ლევან მურუსიძემ 2018 წელს 50 000 აშშ დოლარი, ისესხა ირაკლი კერვალიშვილისგან. უცნობია სესხის პირობები რომლითაც მოსამართლემ მსხვილი თანხა მიიღო კერძო პირისგან, ჩვენთვის მხოლოდ ცნობილია რომ მოსამართლემ ეს თანხა 3 წლის ვადით ისესხა. ასევე, კითხვის ნიშანს ბადებს 2020 წლის დეკლარაციაში იგივე სესხის განმეორებით დეკლარარირება. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ 2019 წელს ირაკლი კერვალიშვილისგან აღებული სესხი როგორც მიღებული შემოსავალი ისე დაადეკლარირა, თუმცა უკვე 2020 წელს როდესაც წესით მოსამართლეს ეს თანხა ან უნდა დაებრუნება ან სესხის მომსახურება გადაეხადა, მურუსიძემ 50 000 აშშ დოლარი როგორც შემოსავალი ისე მიუთითა. ეს ფაქტი, თავის მხრივ გაურკვევლობას იწვევს და აჩენს ეჭვს ქონებრივი დეკლარაციის შესაძლო დარღვევით შევსებაზე.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ლევან მურუსიძე დაჯარიმებულ იქნა დეკლარაციის არასწორად შევსების ფაქტზე. თუმცა მოგვიანებით სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ბიუროს განკარგულებისა და დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნის ბათილად ცნობა. სასამართლომ ლევან მურუსიძის მოთხოვნა დააკმაყოფილა.ამასთანავე აღსანიშნავია, IDFI-ს შეფასება, რომლის მიხედვითაც ამ პერიოდში სამოქალაქო სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით სასამართლო დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევებს არაარსებითად მიიჩნევდა და კანონს თანამდებობის პირთა სასარგებლოდ განმარტავდა.

შეგახსენებთ, ლევან მურუსიძემ სამოსამართლო საქმიანობა 2005 წელს დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამის შემდგომ იყო უზენაესი სასამართლო, იუსტიციის საბჭო, სააპელაციო სასამართლო, 2018 წელს კი თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა. კარიერული ცვლილებების პარალელურად ცვლილებები მოსამართლის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახა.

ლევან მურისიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლის ძალითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. იგი ასევე იყო სულხან მოლაშვილისა და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლეც.