ცუკერბერგმა ტრამპსა და მის მომხრეებს პირადი გვერდები გაურკვეველი დროით დაუბლოკა
ცუკერბერგმა ტრამპსა და მის მომხრეებს პირადი გვერდები გაურკვეველი დროით დაუბლოკა

A+ A-

14:26 09/01/2021

შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის მომხრეებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა პირადი გვერდები გაურკვეველი ვადით დაუბლოკა.

როგორც თავად ცუკერბერგი აცხადებს, გვერდები დაბლოკილი იქნება მინიმუმ მანამდე, ვიდრე შტატების „დემოკრატ“ პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე საპრეზიდენტო ხელისუფლების გადაცემა არ მოხდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

როდესაც ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და საპრეზიდენო არჩევნების შედეგების გადამთვლელი კომისიის სხდომა ჩაშალეს, რასაც 4 ადამიანის სიკვდილი მოყვა, ცუკერბერგმა განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის სოციალური ქსელით სარგებლობის გაგრძლების შესაძლებლობის მიცემა დიდი რისკებთან იყო დაკავშირებული.

შედეგად, ოთხშაბათ საღამოს კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრამპის პირადი გვერდი დროებით დაებლოკა. თუმცა, მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტრამპის „ექაუნთი“ გაურკვეველი ვადით დაიბლოკებოდა, მინიმუმ იმ დრომდე, ვიდრე 45-ე პრეზიდენტი ტრამპი 46-ს, ჯო ბაიდენს ორ კვირაში, მშვიდობიანად არ გადასცემს ხელისუფლებას.

შეგახსენებთ, ოთხშაბათ საღამოს, 12 საათით, აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი მეორე სოცქსელმა „ტვიტერმა“ დაბლოკა, რადგან ტრამპის განცხადებები „ტვიტერზე“ „ძალადობის შემცველი“ იყო. დაბლოკვამდე რამდენიმე საათით ადრე კი, „ტვიტერმა“ წაშალა „თეთრი სახლის“ მეთაურის ორი პოსტი, რომლებშიც „მოპარულ არჩევნებზე“ იყო საუბარი.

რუსა მუმლაძე