ყრილობამ რაგბის მომავალი 4 წლით მანდო, პატარა კაცის ამბიციაა, რომ მისი საჩივრით რაღაც შეიცვლება - აბუსერიძე
ყრილობამ რაგბის მომავალი 4 წლით მანდო, პატარა კაცის ამბიციაა, რომ მისი საჩივრით რაღაც შეიცვლება - აბუსერიძე

A+ A-

15:25 09/01/2021

რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე მომდევნო კვირაში არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებასთან დაკავშირებით, ის დამატებით დოკუმენტაციას წარადგენს.

მისი თქმით, რეესტრის გადაწყვეტილება მისი პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია და ეს დოკუმენტების წარდგენის შემდეგ გამოსწორდება.

„30 დეკემბერს ყრილობამ პრეზიდენტად ამირჩია, მომცა ლეგიტიმაცია, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატის შეტანილი საჩივრის საფუძველზე შემიჩერდა რეგისტრაცია, ტექნიკური ხარვეზის მიზეზით. იურისტებთან ერთად გავდივარ ახლა, მომდევნო კვირას ჩვენ შევიტანთ დოკუმენტაციას. ყველა მოთოვნა, რაც იყო ნოტარიულად დამტკიცებული, ჩაბარებული გვაქვს. ახლა კიდევ რაღაც დოკუმენტაციას შევიტანთ და მგონია, რომ ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება“, - აღნიშნა აბუსერიძემ.

მანვე განმარტა, თუ რატომ ჩატარდა რაგბის კავშირის ყრილობა დეკემბერში.

„დოკუმენტაციაში ყველა წერილი იქნება თანდართული. კარანტინი იყო, შეზღუდვები და ასევე მთავრობიდან იყო სარეკომენდაციო სახით მოთხოვნა, რომ წლის ბოლომდე ჩატარებულიყო. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ, სამივე კანდიდატი ვიყავით ამაზე თანახმა. ცოტა უხერხულად მიმაჩნია, რომ 7 დეკემბერს ერთ-ერთი კანდიდატი ულტიმატუმის ენით სთხოვს სპორტის სამინისტროს და გამგეობას განმეორებითი ყრილობის თარიღის დანიშვნას და რამდენიმე დღეში საერთოდ რადიკალურ განცხადებას ავრცელებს.

გაუგებარია ისიც, რომ 42 დელეგატიდან 36-მა მოაწერა ხელი მოთხოვნით, რომ დანიშნულიყო განმეორებითი ყრილობა. მაინტერესებს თავის გადაწყვეტილებას და ხელმოწერას ეწინააღმდეგებიან? როცა აპელირებენ, ლეგიტიმური იყო 7 დეკემბერს ყრილობა და 2 კვირის შემდეგ უკვე არალეგიტიმური? ჩემთვის ეს გაუგებარია. ზუსტად იმ ერთ-ერთი კანდიდატზე მაქვს საუბარი, განათლებითაც იურისტია და იურისტმა მგონი ეს უნდა იცოდეს. რაგბის კავშირის ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება და მომანდო რაგბის მომავალი 4 წლის ვადით, ამიტომ პატარა კაცის ამბიცია, რომ მისი საჩივრით რაღაც შეიცვლება...“- განაცხადა აბუსერიძემ.

აბუსერიძე ამ საკითხში პოლიტიკურ პროცესებს გამორიცხავს.

„მთავრობა და ხელისუფლება ამ პროცესში არ ერეოდა და არ ჩართულა. მე ვთვლი, რომ ეს მალევე დამთავრდება, იმიტომ, რომ ყველაფერი კანონიერად ჩატარდა, წესდების და კანონის გათვალისწინებით. ამიტომ ეს არის ბოლო ეტაპი, ბოლო გაფართხალება და ვერ გადავაყოლებთ ქართული რაგბის მომავალს ამ ადამიანს“, - განაცხადა აბუსერიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, ირაკლი აბუსერიძე 30 დეკემბერს აირჩიეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად, მაგრამ პროცესს არალეგიტიმურად თვლიდა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიტატი ბაჩო ხურციძე, რომელმაც საჯარო რეესტრს მიმართა, რათა არჩევნები არ დაკანონებულიყო.

ამასთან, ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუჩერეს. როგორც საჯარო რეესტრში განმარტეს, „საქართველოს რაგბის კავშირმა“ პირველი კრება 2020 წლის 24 თებერვალს ჩაატარა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო, კრება ვერ შედგა. ასეთ შემთხვევაში წესდება უშვებს პირველ კრებაზე წარმოდგენილი საკითხების განმეორებით კრებაზე განხილვის შესაძლებლობას, ასეთ დროს განმეორებითი კრება არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარდეს. მიუხედავად ამ ჩანაწერისა, ირკვევა, რომ განმეორებითი კრება არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 10 თვის შემდეგ ჩატარდა. სწორედ ეს გახდა ირაკლი აბუსერიძის განცხადების წარმოების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი“.