კალაძე VS კობახიძე - გახარია თამაშგარეში, ან თბილისის მერად? - დიდი გარჩევები "ქართულ ოცნებაში"
კალაძე VS  კობახიძე - გახარია თამაშგარეში, ან თბილისის მერად? - დიდი გარჩევები "ქართულ ოცნებაში"

A+ A-

15:40 11/01/2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიული ბოსების მორიგი და დიდი ჯახის მიზეზი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი მდივანი და საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი კობახიძე მთავარი ბოსის გაცხადებული მემკვიდრეა, არც ისე მარტივადაა საქმე „ოცნებაში“. „2020NEWS”-ის ესქკლუზიური ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარეობაზე პრეტენზია სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების რეიტინგით N2-ს, თავად დედაქალაქის მერსა და პარტიის გენერალურ მდივანს, კახი კალაძეს აქვს. მეტიც კალაძე პრემიერ-მინისტრობას ითხოვს, თუ თავმჯდომარედ არ „დაამტკიცებენ“. ისმის კითხვა სად უშვებენ პრემიერ გიორგი გახარიას, რომელმაც ამავე რეიტინგებში, დიდი ხანია, „დაუაბგონა“ თბილისის მერს და საარჩევნო კამპანია „ოცნებამ“ მისი პირველი ნომრობით ჩაატარა?

აქვე უნდა ითქვას ისიც, კალაძეს არამარტო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში, არამედ პარტიულ აქტივშიც მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე კობახიძეს, რომელიც საკუთარ პარტიაში გულზე დიდად არ ეხატებათ. შესაბამისად, თავმჯდომარეობაზე დედაქაალქის პირველი „კაცის“ ამბიცია გასაკვირი არაა.

თუმცა, მერის ამბიცია პრემიერობაზე უკვე პირდაპირ ნიშნავს იმას, გახარია უნდა გავიდეს პოლიტიკური სივრციდან, რადგან დედაქალაქის მერის სავარძელში გადასვლას, ნაკლებად სავარუდოა, დათანხმდეს, თანაც მაშინ, როცა პარტიაში მისი თავმჯდომარეობაზე, ანდაც აღმასრულებელ თუ გენერალურ მდივნობაზე არც ვინმე საუბრობს.

ისე კი, გახარიას რეიტინგი „ოცნებას“ დედაქალაქის მერის არჩევნებში, ნამდვილად წაადგებოდა. ისევ კალაძის ბრძოლა თბილისისთვის ნაკლებად მოსალოდნელია, წარმატებულად დასრულდეს ოპოზიციურ დედაქალაქში. შესაბამისად, მასზე უფრო რეიტინგული კანდიდატია საჭირო. კალაძეზე რეიტინგული კი გახარიაა. რაც შეეხება თავად გახარიას, ის, თუ პრემიერობიდან გაუშვებენ, უბრალო მინისტრის პორტფელს რომ არ დასჯერდება, ამას დიდი გამოცნობა არ ჭირდება. არჩევითი პოსტი კი ერთია დარჩენილი - დედაქალაქის მერის!

სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციით, კალაძისა და კობახიძის დაჯგუფებების დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამოქმედდა სქემა - ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის თაობაზე. ჩვენი ინფორმაციით, შუშის სასახლეში, დიდი გარჩევის დროს კალაძემ მწვავედ დასვა საკითხი, რომ პარტიის ხელმძღვანელობას კობახიძეს არ დაუთმობდა, რადგან მას უფრო ეკუთნოდა.

თუმცა, აქ პრობლემა ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც კალაძის მაღალი რეიტინგი, ცნობილი ამბავია, რომ არ მოსწონს, თანაც წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და როგორც ჩანს, დედაქალაქის მერს მერობა  აღარ სურს, რადგან მისი ამბიცია გაზრდილია პრემიერობამდე, რაც „ნამდვილად წასულ“ ოლიგარქს არ მოეწონებოდა. კობახიძე კი ის ფიგურაა, რომელიც მარტივად მართვადია დაბალი რეიტინგის გამო, შესაბამისად, ამბიციებიც ნაკლები აქვს.

მოკლედ, ამ ეტაპზე ასეთი სიტუაციაა „ქართულ ოცნებაში“. დღეს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, 5 საათზე გახდება საჯარო, რომელ შიდაპარტიულ დაჯგუფებას რომელმა აჯობა, ანუ გაირკვევა ახალი თავმჯდომარის ვინაობაც, ახლანდელი მერის მომავალი თანამდებობაც და შესაბამისად, მომავალი მერის ვინაობაც, ასევე მოქმედი პრემიერის ბოლოც - პოსტივანიშვილისეულ ეპოქაში.

რუსა მუმლაძე