რა შანსი დაკარგა ოპოზიციამ და რატომ შეცვალა მათი მხარდამჭერი პოზიცია ექსპერტმა ლაგაზიძემ?
რა შანსი დაკარგა ოპოზიციამ და რატომ შეცვალა მათი მხარდამჭერი პოზიცია ექსპერტმა ლაგაზიძემ?

A+ A-

14:27 14/01/2021

ოპოზიციას ხელისუფლების მიერ შეთავაზებული, საარჩევნო სისტემის რეფორორმირების ეპოქალური წინადადება პარლამენტში შესვლისთვის უნდა გამოეყენებინა. ამის შესახებ პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა და ახლა გვიანია.

ლაგაზიძე ასევე აღიარებს, რომ თავდაპირველად ის ოპოზიციის ბოიკოტს მხარს უჭერდა, თუმცა, მოლაპარაკების მაგიდაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებების დადების შემდეგ, მისი პოზიცია შეიცვალა.

„თავიდან მე ოპოზიციის სტრატეგიას ვემხრობოდი და მიმაჩნდა, რომ აუცილებელი იყო ძალიან მძიმე ფორმით არჩევნების გაყალბების პროტესტი, ამიტომაც მათ ამ ნაბიჯს მხარს ვუჭერდი.

მას შემდეგ, რაც ვნახე ის შეთავაზებები, რომელიც მოლაპარაკების პროცესში მაგიდაზე იდო, ეს იყო ეპოქალური საარჩევნო ცვლილებები. არცერთ ხელისუფლებას მანამდე და მას შემდეგაც ამ ტიპის ეპოქალური ცვლილებების მიღების შანსი შეიძლება აღარ ჰქონდეთ.

ეს საქართველოში ხელს შეუწყობდა მრავალპარიტული პოლიტიკური სპექტრის შენებას. თუ ოპოზიცია გადაწყვეტდა მთლიანად, რომ პარლამენტში შესულიყო, მაშინ, ამ შემთხვევაში, ეს იქნებოდა ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ივანიშვილის წასვლის შემდეგ შეიქმნა, ოპოზიციას სერიოზული ბერკეტები ექნებოდა პარლამენტში სიტუაციის სრულად შემოსატრიალებლად. ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია იქნებოდა ერთიანი.

მაშინ ამის შანსი იქნებოდა. ოპოზიციას შეეძლო სიტუაციის სასიკეთოთ შემოტრიალება. რომ ეთქვათ, აეხსნათ, სწორი კამპანია აეგორებინათ, რომ პარლამენტში შესვლა პრინციპების ღალატი კი არ იყო, ან უკან დახევა, არამედ იყო ოპოზიციის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი, ეპოქალური ცვლილებებისთვის მხარდაჭერის შანსი, მაშინ იყო ამის დრო, ახლა ძალიან გვიანია“, - განაცხადა ლაგაზიძემ გადაცემაში, „ნიუსრუმი“.

მისივე თქმით, მანამდე არცერთ ხელისუფლებას არ ქონდა და არც შემდგომებს შეიძლება, გაუჩნდეთ საარჩევნო სისტემაში ამ ტიპის ეპოქალური ცვლილებების მიღების შანსი.

„არცერთ ხელისუფლებას მანამდე და მას შემდეგაც, ამ ტიპის ეპოქალური ცვლილებების მიღების შანსი შეიძლება აღარ ჰქონდეთ. დღეს მათი შესვლა პარლამენტში მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, 2021-ში თუ 2024-ში, მაშინ მართლაც დაკარგავენ სახეს. მაგრამ, საბედნიეროდ, ამ ოპოზიციისთვის პარლამენტის გარეთ დარჩენა არ ნიშნავს სატელევიზიო ტრიბუნისა თუ ეთერის გარეშე დარჩენას“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, ხელისუფლება არ თანხმდება, მაგრამ „ქართული ოცნება“ თანახმაა, ოპოზიციის შეთავაზებული საარჩევნო რეფორმა განახორციელოს.

ქვეყნის ისტორიაში პირველად, მმართველმა პარტიამ, პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების ფასილიტატორობით გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთ რაუნდზე, საარჩევნო ადმინისტრაციისა და კანონმდებლობის ძირეული რეფორმა წარუდგინა ოპოზიციას, რაზეც ისინი არ დათანხმდნენ.