"ქართული ოცნების" ახალ პოლიტსაბჭოში "საკონტროლო პაკეტს" ისევ ბიძინა ივანიშვილი შეინარჩუნებს
"ქართული ოცნების" ახალ პოლიტსაბჭოში "საკონტროლო პაკეტს" ისევ ბიძინა ივანიშვილი შეინარჩუნებს

A+ A-

14:45 14/01/2021

ქართული ოცნება“ 16 იანვარს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს. ბიძინა ივანიშვილისგან მიტოვებული მმართველი გუნდის 21-კაციან პოლიტსაბჭოში გადამწყვეტი ხმის უფლებას მაინც მისი განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირები შეინარჩუნებენ.

ამ დროსითვის გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში ძველი შემადგენლობიდან იქნებიან: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი. დაემატებიან: მაკა ბოჭორიშვილი, კახა კუჭავა, ნიკოლოზ სამხარაძე, შალვა პაპუაშვილი, თეა წულუკიანი, ეკატერინე ტიკარაძე, ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, გრიგოლ ლილუაშვილი.

ეს 17-კაციანი სია მედიაში გავრცელებული არასრული ჩამონათვალია. ამ შემადგენლობაშიც კი, „ქართული ოცნების საკონტროლო პაკეტს“ ბიძინა ივანიშვილი ფლობს.

გადამდგარი ოლიგარქის ნდობით აღჭურვილი პირები არიან: ირაკლი ღარიბაშვილი, მაია ცქიტიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი, ეკატერინე ტიკარაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, არჩილ თალაკვაძე და მეტ-ნაკლებად კახა კუჭავა, რომელიც კობახიძე-მდინარაძესთანაც მშვენიერ ურთიერთობაშია, თუმცა საჭიროების და არჩევანის შემთხვევაში, ივანიშვილის მითითებების უსიტყვო შემსრულებელი იქნება. "ქრონიკის" ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში არ იქნებიან საბჭოს მოქმედი წევრები დავით საგანელიძე, ერეკლე ტრიპოლსკი და ილია ნაკაშიძე. ინფორმაციას ამ ეტაპზე მხოლოდ ილია ნაკაშიძე ადასტურებს.

ცნობისთვის, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ამის შესახებ მან წერილი გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა. ორ დღეში კი, „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება, სადაც ახალ თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს აირჩევენ. ასევე, დაამტკიცებენ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობას.