ბოკერიას აზრი არ გვაინტერესებს, ამრევებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს - ელისაშვილი
ბოკერიას აზრი არ გვაინტერესებს, ამრევებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს - ელისაშვილი

A+ A-

14:25 14/01/2021

პარლამენტში ოპოზიციის შესვლასთან დაკავშირებით, პარტია "მოქალაქეები" გარდა "ევროპული საქართველოსა", ოპოზიციურ სპექტრთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს.

როგორც "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, მას უმანდატო ხალხის და მოლაპარაკებების ამრევი გიგა ბოკერის შეხედულებები არ აინტესებს, თუმცა მზადაა, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების მოსაზრებები მოისმინოს. 

ელისაშვილის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასა და ელექტრონულ არჩევნებს, ამ შემთხვევაში ის და ლევან იოსელიანი საკანონმდებლო ორგანოში შევლენ. 

„ვხედავთ, რომ მეხუთე რაუნდი უსასრულოდ გაიწელა და როდის იქნება არ ვიცით. ამასობაში ეს ქვეყანა თავზე დაგვემხო. ჩვენი პარტია, მე და ლევან იოსელიანი გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენ თვითონ, არ ვეკითხებით არც ივანიშვილს, არც სააკაშვილს, მითუმეტეს, არც გიგა ბოკერიას. ჩვენ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, გვინდა ოპოზიციაში კონსულტაციები გავმართოთ მათთან, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და გაბედულობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღოს. კონკრეტულად ჩვენი პარტიის, „მოქალაქეების“ პოზიციაა, რომ შესაძლოა მეხუთე რაუნდის გარეშეც, მაგრამ ელჩების თანდასწრებით, თუ „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის პირველ რიგში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და ელექტრონული არჩევნები, ამ შემთხვევაში, ჩვენი პარტია, მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, რომ შევიდეთ და გვაინტერესებს სხვების მზაობა ამასთან დაკავშირებით. თუ თვითმმართველობაზე ჯამური ხმებით ჩვენ ვაჯობებთ „ქართულ ოცნებას“, ეს იყოს პლებისციტი. ეს არის ძალიან კარგი იდეა და ამ იდეასაც ჩვენ ხელს მოვაწერთ.

ბოკერიას აზრი არ გვაინტერესებს, უმანდატო ხალხთან ლაპარაკს, მითუმეტეს მასეთ ამრევებთან აზრი არ აქვს. დანარჩენების აზრი გვიანტერესებს, აქვთ თუ არა პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღონ“,-განაცხადა ელისაშვილმა.