ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო ბოიკოტებს - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს
ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო ბოიკოტებს - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

A+ A-

15:50 15/01/2021

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი წუხილის გამოთქვამს, რომ ოპოზიციამ საქართველოს ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.

წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა ხარვეზები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს მოუწოდებს, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაცდომების შესახებ ყველა ბრალდება.

ასევე, ასამბლეა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ.

ანგარიშის თანახმად, გასული წლის მარტში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, საქართველოში პოლიტიკური კლიმატი პოლარიზებული და სადავოა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის“ და შიდა დამკვირვებლების დასკვნების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო და პარტიებს კამპანიის ჩატარება თავისუფლად შეეძლოთ.

ანგარიშში საუბარია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და კამპანიის დაფინანსების სუსტ რეგულაციებზე, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ დარღვევები საერთო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა.

„სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც საუბრობდნენ ფართომასშტაბიან თაღლითობაზე, განაცხადეს, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ მეორე ტურს და ახალ პარლამენტს. ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შედეგები მათ ძლიერ პოზიციას მისცემს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებაში. პარლამენტი არის პოლიტიკისა და დებატების წარმოების ადგილი, ამიტომ ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგება საპარლამენტო ბოიკოტებს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, მიიღონ საპარლამენტო მანდატები“, – ნათქვამია ანგარიშში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სიტუაცია უარესდება რუსეთის მცოცავი ოკუპაციის გამო, რაც სერიოზული შეშფოთების მიზეზია. ანგარიშში ასევ ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას და ოკუპირებულ რეგიონებს შორის კონტაქტი პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ამას მძიმე ჰუმანიტარული შედეგები მოაქვს, რადგან სულ უფრო რთულდება და შეუძლებელი ხდება, ამ ორ რეგიონში მცხოვრებთათვის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა სასკოლო ან (გადაუდებელი) სამედიცინო მიზეზების გამო დანარჩენ საქართველოში“, – აღნიშნულია ანგარიშში.