არ მინდა გაიგონ, რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო - ვის მიწერა ბაჩალიაშვილმა ეს „მესიჯი“?
არ მინდა გაიგონ, რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო - ვის მიწერა ბაჩალიაშვილმა ეს „მესიჯი“?

A+ A-

19:40 15/01/2021

ვინ არის პიროვნება, ვისაც გარდაცვლილმა 23 წლის პროგრამისტმა, თამარ ბაჩალიაშვილმა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ,  გარდაცვალებამდე  ამცნო? „2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით,  თამარ ბაჩალიაშვილი საფრთხის შესახებ, თავის ახალგაზრდა მეგობარ გოგოს წერდა. სააგენტოს ასევ ექსკლუზიური ინფორმაციით, სხვა ამგვარი „მესიჯებიც“ არსებობენ და ოჯახი მათ გასაჯაროებასაც აპირებს,   პროკურატურას კი საქმის „გაფუჭებასა“ და მოწმეების დაშინებაში ადანაშაულებს.

როგორც გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სააგენტოსთან საუბრისას აცხადებს,  ბაჩალიაშვილმა წინასწარ იცოდა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, ამიტომაც მეგობარს მიწერა,  რომ  წაშლიდა მათ მიმოწერას, რათა „ვიღაცეებს“ არ გაეგოთ მათი ნაცნობობის შესახებ და მეგობრისათვის საფრთხე არ შეექმნა.

„თხოვნა მექნება, მე თუ რამე დამემართა, დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე. წავშლი შენს ესემესებს, არ მინდა გაიგონ, რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო“, - წერს გარდაცვლილი ბაჩალიაშვილი მეგობარ გოგოს.

თუმცა, როგორც მეგობრის პასუხიდან ჩანს, არც ის იჯერებს, რომ 23 წლის პროგრამისტს საფრთხე ემუქრება. „არა, შენ არაფერი მოგივა თამო, მაგრამ მაინც გპირდები“, - ასეთ პასუხს უბრუნებს მეგობარი გოგო ბაჩალიაშვილს.

„ეს სქრინები ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილის ახალგაზრდა მეგობარ გოგონას. ამ ეტაპზე მხოლოდ ამ მიმოწერის სქრინს გავასაჯაროებთ. თუკი გამოძიება ხელახლა იქნება დაწყებული,  რა თქმა უნდა, პროკურატურას სხვა მიმოწერასაც წარვუდგენთ“, - აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, პროკურატურას არ აწყობდა მოწმე გოგოს გამოჩენა საქმეში, ამიტომაც არ მოიპოვეს ის მიმოწერა, რაც დღეს წარადგინა ბაჩალიაშვილის ოჯახმა და მისმა ადვოკატმა პროკურატურაში.

„პროკურატურას სურს, რომ საქმე ისე შეკეროს, თითქოს, თამარმა თავი მოიკლა, მაგრამ არა, არა, მეგობრებო, თამარს თავი ნამდვილად არ მოუკლავს.

ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობას გეგმავს, მეგობარს მიწერს - არ მინდა, გაიგონ, ერთმანეთს რომ ვიცნობთო? რა თქმა უნდა, არა! ალოგიკურია ყოველივე ეს. არ ვაპირებთ გაჩერებას და იმაზე შეგუებას, რომ საზოგადოებას დააჯერონ, თითქოს, თამარმა თავი მოიკლა.

თამარს თავი არ მოუკლავს და დარწმუნებული ვარ, ამას ადრე თუ გვიან, მაინც დავამტკიცებ. ბევრჯერ სცადეს ჩემი საქმიდან მოშორება, სხვადასხვა „შავი გზებით“, მაგრამ არ გამოუვიდათ და არც მომავალში გამოუვათ. მე არ მეშინია არაფრის და ბოლომდე ვიბრძოლებ სიმართლის დამტკიცებისთვის“, - განაცხადა რამიშვილმა.

რამიშვილი ასევე აცხადებს, რომ  გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე არსებულ მოწმეებს პროკურატურა აშინებს და მათზე დიდ ზეგავლენას ახდენს.

„აუცილებელია ამ საქმის გაგრძელება, რადგან პროკურატურა ვალდებულია, ბოლომდე მიიყვანოს საქმე. თუ პროკურატურა არ აპირებს ამ საქმის გამოძიებას, პირადად მე ვდებ პირობას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს აუცილებლად მივიყვან ბოლომდე.

ვისი ჩარევაც არ უნდა დაგვჭირდეს, ჩავრევთ. მივმართავს გამოძიების ფედერალურ ბიუროს. მოვიწვევთ ექსპერტებს, რათა ამოღებულ იქნას გარდაცვლილი გოგონას მობილური ტელეფონი. ჩვენ არ ვენდობით ქართულ გამოძიებას, არც თქვენ არ უნდა ენდობოდეთ, რადგან ისინი, რომ წესიერად იძიებდნენ რამეს, ეს სქრინები მათ უნდა აღმოეჩინათ და არა მე.

ელემენტარულად, სოციალური ქსელის მიმოწერა ვერ ამოიღეს და რაზე უნდა ვესაუბროთ საერთოდ?!

თუმცა, ვერ ამოიღეს, თუ არ ამოიღეს, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე არსებულ მოწმეებს პროკურატურა აშინებს და მათზე დიდ ზეგავლენას ახდენს.

მოწმეები გვეუბნებოდნენ, რომ გამოძიების სწორ გზას ვადექით, ახლა კი დუმნან. ეს ყოველივე რისკენაც მიანიშნებს, ალბათ, ხვდებით...“, - აცხადებს რამიშვილი სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. რამიშვილი იმ დადგენილების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც, თამარ ბაჩალიაშვილის მამა - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლე პირი  აღარ არის. ადვოკატმა საჩივარს დღეს ერთი მასალაც - თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის ამსახველი „სქრინი“ დაურთო.

შეგახსენებთ, 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. თუმცა, ბოლოს, პროკურატურამ განაცხადა, რომ 23 წლის პროგრამისტმა თავი მოიკლა.

ხატია მამულია