"ოცნებისთვის" შეწირული 100 000 ლარი და ტენდერებში მიღებული 52 მილიონზე მეტი - მმართველი ძალის შემომწირველთა "საქმენი საგმირონი"
"ოცნებისთვის" შეწირული 100 000 ლარი და ტენდერებში მიღებული  52 მილიონზე მეტი - მმართველი ძალის შემომწირველთა "საქმენი საგმირონი"

A+ A-

11:21 19/01/2021

ქართული ოცნების” შემომწირველების კომპანიამ - შპს ელ ჯორჯიამპანდემიის პერიოდში, მუნიციპალური განვითარების ფონდის 3 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან ერთ შემთხვევაში მას კონკურენტი საერთოდ არ ყოლია. ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორიავრცელებს. როგორც ორგანიზაციის კვლევით ირკვევა, 2013-2020 წლებში დიმიტრი კუპატაძისა და ტარიელ გიორგაძის კომპანიამ საერთო ჯამში - 52 მილიონის ტენდერები მოიგეს, აქედან 20 მილიონის - უკონკურენტო გარემოში.

ამავე წლებში, “ელ ჯორჯიამ” 18 მილიონზე მეტი სახელმწიფოსგან, ტენდერის გვერდის ავლით, გამარტივებული შესყიდვებით მიიღო.

ფლანგვის დეტექტორის იმფორმაციით, შპს „ელ ჯორჯია“ (ს/კ 406042036) 2011 წელს დაარსებული კომპანიაა.

„კომპანიის წესდებიდან ვიგებთ, რომ საზოგადოების საქმიანობის საგანია სხვადასხვა სახის სამშენებლო, აღდგენითი და თავისსავე დამზადებული ან შეძენილი საქონლით ფიზიკური და იურიდიული პირების მომარაგება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, კომპანია 2013 წლიდან იღებს მონაწილეობას ელექტრონულ ტენდერებში. მას 89 ელექტრონული ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ გზით კომპანიამ 2013-2020 წლებში 52,261,198 ლარი მიიღო, აქედან 19,899,182 ლარი - უკონკურენტო გარემოში. დროის იგივე მონაკვეთში შპს „ელ ჯორჯიამ“, გამარიტვებული შესყიდვების გზით, 18,419,571 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს კომპანიამ 3 ელ.ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 1 შემთხვევაში მას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია“, - წერია „ფლანგვის დეტექტორის“ კვლევაში.

ამავე კვლევის თანახმად, კომპანიის პირველი ხელშეკრულება 2020 წლის 20 ოქტომბრით თარიღდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოცხადა ტენდერი ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ შავღელეში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,369,767 ლარი იყო და მასში მონაწილეობას სამი კომპანია იღებდა, მათ შორის - შპს „ელ ჯორჯიაც“. საბოლოოდ, გამარჯვებული სწორედ აღნიშნული კომპანია გახდა და ხელშეკრულების თანახმად, მან 2,192,998 ლარი უნდა მიიღოს.

„აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მონაცემებით კომპანიას უკვე მიღებული აქვს თანხის 30%(657,899ლარი) ავანსის სახით. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამის შემდეგ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3,631,961 ლარს შეადგენდა და გამარჯვებულ კომპანიას დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბარისახოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. აღნიშნულ ტენდერშიც სამი კომპანია იღებდა მონაწილეობას და 2020 წლის 4 ნოემბერს ხელშეკრულება შპს „ელ ჯორჯიასთან“ გაფორმდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიას სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისთვის 3,303,324 ლარი უნდა გადაუხადოს.

კიდევ ერთი ტენდერი, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის სექტემბერში გამოცხადა, ითვალისწინებდა ქ. მარტვილში ერთ-ერთი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ ტენდერი უკონკურენტო გარემოში ჩატარდა და შესაბამისად, ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული შპს „ელ ჯორჯია“ იყო, რომელსაც აღნიშნული ტენდერით 3,037,298 ლარს გადაუხდიან. აღნიშნული ხელშეკრულება 2022 წლის ბოლომდე არის ძალაში და კომპანიას დღევანდელი მონაცემებით ფული არ მიუღია. აღსანიშნავია ისიც, რომ შპს ელ ჯორჯიას ელ.ტენდერებით მიღებული თანხიდან 19,177,802 ლარი ავანსის სახით აქვს აღებული“, - წერია ორგანიზაციის კვლევაში.

რაც შეეხება ინფორმაციას კომპანიის შესახებ, როგორც „ფლანგვის დეტექტორში“ აცხადებენ, 2011 წლიდან მოყოლებული კომპანიის წესდებაში ცვლილება არ შესულა დირექტორსა და პარტნიორებთან დაკავშირებით. როგორც საჯარო რეესტრის 2011 წლის ამონაწერიდან ირკვევა, კომპანიის დირექტორი დიმიტრი კუპატაძე იყო, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ტარიელ გიორგაძე.

„დღევანდელი მონაცემებიდანაც ვიგებთ, რომ კომპანიაში დირექტორის თანამდებობას ისევ დიმიტრი კუპატაძე იკავებს, ხოლო ერთადერთი პარტნიორი ისევ ტარიელ გიორგაძეა. გარდა იმისა, რომ შპს „ელ ჯორჯია“ საკმაოდ ძვირადღირებულ ტენდერებს იგებს და მათ შორის ხშირად უკონკურენტო გარემოშიც, კომპანიის დირექტორი და ერთადერთი მეწილე მმართველი პარტიის შემომწირველები არიან.

მაგალითად, კომპანიის დირექტორმა დიმიტრი კუპატაძემ 2020 წლის 22 სექტემბერს “ქართულ ოცნებას” 41,000 ლარი შეწირა, ხოლო ამის შემდეგ, 1 ოქტომბერს, კომპანიის 100%-იანი წილის მმართველმა ტარიელ გიორგაძემ “ქართულ ოცნებას” ასევე 60,000 ლარი შეწირა“, - წერია ორგანიზაციის კვლევაში.