თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი სკანდალი გორდება - რას გაასაჯაროებს ადვოკატი?
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი სკანდალი გორდება - რას გაასაჯაროებს ადვოკატი?

A+ A-

11:55 19/01/2021

დღეს, 14:00 საათზე გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვლილი, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროგრამისტის მეგობართან მიწერილი „მესიჯის“ კიდევ ერთ სქრინს გაასაჯაროებს. როგორც „2020NEWS“-ს  მიხეილ რამიშვილმა ექსკლუზიურად განუცხადა, ის დეტალურად ისაუბრებს იმ ზეწოლებზე, რასაც 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მოწმეებზე ახდენენ.

მეტიც, რამიშვილი ოფიციალურად მოითხოვს, დაიკითხონ ის მოწმეები, რომელთაც კომუნიკაცია ჰქონდათ გარდაცვლილ პროგრამისტთან და რომლებსაც ბაჩალიაშვილი უსაფრთხოების გამო, ღიად არ ეკონტაქტებოდა.

„მოვითხოვთ, რომ დაკითხონ მოწმეები. ჩვენ უკვე წარვადგინეთ ერთი სქრინი და დღესაც წარვადგენთ მეორეს. აშკარაა, რომ საქმის მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს და უშლიან ხელს, რომ გამოძიებას დაეხმარონ.

დღეს, 14:00 საათზე ჩვენს მიერ მოპოვებული  საქმის მასალებიდან გასაჯაროვდება კიდევ ერთი სქრინი და აგრეთვე ვისაუბრებ იმ ზეწოლებზე, რასც ჩვენს მოწმეებზე ახდენენ.

თქვენს სააგენტოსთან საუბრისას, ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ დამუქრებების, ზეწოლისა და თვალთვალის მიუხედავად, განვაგრძობდი ამ საქმის გამოძიებას, ხოდა არც ვაპირებ დანებებას“. - აცხადებს რამიშვილი“2020NEWS“-თან საუბრისას.

ცნობისთვის, რამდნეიმე დღის წინ, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. რამიშვილი იმ დადგენილების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც, თამარ ბაჩალიაშვილის მამა - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლე პირი  აღარ არის.

ადვოკატმა საჩივარს თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარ გოგოსთან მიმოწერის ამსახველი „სქრინი“ დაურთო. მიმოწერაში გარდაცვლილი პროგრამისტი თავის მეგბარს სთხოვს, თუ რამე დაემართება, დედამისს მიხედოს. ამავდროულად, ბაჩალიაშვილი წერს, რომ წაშლის მიმოწერას, რათა მეგობარს საფრთხე არ დაემუქროს.

შეგახსენებთ, 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. თუმცა, ბოლოს, პროკურატურამ განაცხადა, რომ 23 წლის პროგრამისტმა თავი მოიკლა.

ხატია მამულია