კაცმა არ იცის, კიდევ რა "კანფეტები" მიიღო სააკაშვილისგან გაჩეჩილაძემ - "უცნობის" ოპოზიციური ვნებები და მელიას პასუხი 13 წლის შემდეგ
კაცმა არ იცის, კიდევ რა "კანფეტები" მიიღო სააკაშვილისგან გაჩეჩილაძემ - "უცნობის" ოპოზიციური ვნებები და მელიას პასუხი 13 წლის შემდეგ

A+ A-

23:29 18/01/2021

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აქტიური მოწინააღმდეგე გია გაჩეჩილაძე 2008 წელს ყოფილ ხელისუფლებას ჩუმად ხვდებოდა და ჯილდოს იღებდა, დღეს კი, ოპოზიციას დასცინის, რადგან მასსავით სარფიანად ხელისუფლებასთან ვერავინ ვაჭრობს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს და იხსენებს იმ დროს, როცა მომღერალ გია გაჩეჩილაძესთან ერთად, აქციებზე იდგა, „უცნობი“ კი, მომიტინგებისგან ფარულად, სააკაშვილის ხელისუფლებისგან ჯილდოებს იღებდა.

მისივე თქმით, კაცმა არ იცის ბოლომდე, კიდევ რა ჯილდო მიიღო გაჩეჩილაძემ მაშინ და ამას, სავარაუდოდ, “13 წლის შემდეგ გაუმხელს საზოგადოებას”.

"2008 წელს რა და როგორ იყო, ამის გარკვევას ახლა არ ვაპირებ, მაგრამ ერთი რამ კი უნდა ითქვას - 2008 წლის 23 იანვარს, გრანდიოზული აქცია გაიმართა იპოდრომზე, იმ ყინვასა და თოვლში. მეც გახლდით იმ აქციის ერთ-ერთი რიგითი მონაწილე. მაშინ როგორ დასრულდა ის აქცია, ყველას გახსოვთ, ახლა კი ირკვევა, ირკვევა რა - თავად ყვება ყელმოღერებული, თუ როგორ შეხვდა ჩუმად, წინა დღეს იმდროინდელ ხელისუფლებას. სიხშირეს ამბობს, მაგრამ კაცმა არ იცის, რეალურად კიდევ რა „კანფეტები“ მიიღო ჯილდოდ. ამას ალბათ, კიდევ ერთი 13 წლის შემდეგ გაგვიმხელს... ეს არის კლასიკური ღალატი.

ეს იგივეა, მე რომ ახლა ბიძინას შევხვდე ჩუმად და 13 წლის შემდეგ გიამბოთ... აი, ეს კაცი დასცინის დღევანდელ ოპოზიციას. ალბათ იმაზე დაგვცინის, მასავით სარფიანად ხელისუფლებასთან რომ ვერავინ ვაჭრობს დღევანდელი ოპოზიციიდან", - წერს მელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში 2008 წლის მოვლენები გაიხსნება. გაჩეჩილაძის თქმით, მას პირადად მიხეილ სააკაშვილი თხოვდა გაჩერებული და საპროტესტო ტალღა შეეჩერებინა.

"ინაუგურაცია იყო 2008 წლის 23 იანვარს, ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ ვწყნარდებოდი და არ ვეგუებოდი სააკაშვილის პრეზიდენტობას, ვიყავი მე, დანარჩენი ოპოზიცია მაშინ ყველა შეგუებული იყო და გადასულები იყვნენ იმაზე, რომ გავაგრძელოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაო.

არ ვჩერდებოდი და მომინახეს ჩემი მეგობარი, ვინც დამირეკა და მთხოვა, რომ შავნაბადაზე სააკაშვილთან ავსულიყავი.

ექსპრეზიდენტთან მე და ბიძინა გეგიძე ვიყავით. იქ იჯდა მიხეილ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. სააკაშვილმა მთხოვა, ოღონდ შენ ახლა გაჩერდი და მეტს აღარ ვიზამო, ესეთი აღარ ვიქნებიო. ვუთხარი, არ გიჯერებ-თქო და მოვთხოვე, რომ სიხშირე მომეცი, ტელევიზია გამაკეთებინე-თქო და კი ბატონო, ოღონდ ეს გვაცალეო, კენია ხომ არ ვარ-თქო, მილიონი ადამიანი ჩამოდის ინაუგურაციაზეო, ახლა ავტეხოთ სისხლისღვრა, ხვალ არავინ გააშუქებს ამასო და კარგი-თქო. სხვა რა გზა მქონდა, დავთანხმდი", - ამბობს გაჩეჩილაძე.