ოპოზიციის განგრენა იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ნაკლებად საინტერესოა - გიგი უგულავა
ოპოზიციის განგრენა იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ნაკლებად საინტერესოა - გიგი უგულავა

A+ A-

15:04 19/01/2021

„გირჩის“ ლიდერები: იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი  ოპოზიციის სხეულზე განგრენას წარმოადგენენ და ოპოზიციონერები არ არიან. ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა და ოპოზიციის ეს ფლანგი „ტროას ცხენადაც“ მოიხსენია.

უგულავას თქმით, მისი პარტია არ აპირებს ირაკლი კობახიძედ ქცეული ადამიანების მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებას, რადგან ისინი წითელ ხაზებს გადავიდნენ და სიმბოლურად "ტროას ცხენებს" წარმოადგენენ.

მისივე განცხადებით, ნაკლებად საინტერესოა, იაგო ხვიჩია და ალეკო ელისაშვილი სად შევლენ, ან სად გამოვლენ.

"ევროპული საქართველოს სახელით, მინდა გითხრათ, რომ ამ კობახიძედ ქცეული ხალხის კომენტირებას არ ვაპირებთ. საზოგადოებას ვაპირებთ შევთავაზოთ მეტი სიცხადე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები წითელ ხაზებს გადავიდნენ და ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ ოპოზიციაში მონასტერი არეულია.

ისინი ჩვენთვის ოპოზიციას არ წარმოადგენენ, არამედ უფრო მეტიც, ისინი „ტროას ცხენი“ არიან ოპოზიციაში. ხალხი იძახის, რომ პურის ფული არ აქვს და იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ნაკლებად საინტერესოა. რაში მანაღვლებს ელისაშვილი სად შევა და სად გამოვა. ოპოზიციის ერთობა არ არის სადღეგრძელო. მათ უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ არ უნდათ მარტო შევიდნენ, ჯერ ჩვენ მოგვადგნენ, მერე გიორგი ვაშაძეს, ახლა "ლელოს" და ბოლოს "ნაციონალურ მოძრაობას მიადგებიან", - განაცხადა უგულავამ. "ევროპული საქართველო" ერთ-ერთი ლიდერი ასევე ამბობს, რომ იაგო ხვიჩიას მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ბადრი ჯაფარიძეს "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციაში ამბები მიქონდა სიცრუეა. უგულავა თქმით, "ლელოს" ლიდერს აქტიური კომუნიკაციქონდა ფასილიტატორ ელჩებთან და სწორედ ამ ფორმით იგებდა ოპოზიცია მმართველი პარტიების პოზიციების შესახებ.

"ბატონ ბადრი ჯაფარიძეს "ქართული ოცნებისგან" კი არ მოჰქონდა ამბები, არამედ მას კომუნიკაცია ჰქონდა ფასილიტატორ ელჩებთან და სწორედ ამ გზით მოჰქონდა ამბები ოპოზიციაში, "ქართული ოცნების" პოზიციების შესახებ", - განაცხადა უგულავამ.

ამასთანავე, იგი მიჩნევს, რომ ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს სამომავლო გეგმებზე, როგორ იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუკი ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

უგულავას თქმითვე, ოპოზიციამ კონკრეტული სახელი უნდა დაარქვას ელისაშვილ-ხვიჩიას მოქმედებებს და კონკრეტულ წინადადებებს არა - მათგან, არამედ "ქართული ოცნებისგან" უნდა დაელოდოს.

ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეები" და "გირჩი" გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხზე ინდივიდუალური შეხვედრები ეწარმოებინათ. აღნიშნულ წინადადებაზე უარი თქვეს "ევროპულმა საქართველომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ლელომ".

ალეკო ელისაშვილმა და იაგომ ხვიჩიამ კი აღნიშნულ პარტიებს სერიოზული ბრალდებები წაუყენეს. ხვიჩიას თქმით, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს მოლაპარაკებების ჩაშლა სურთ და ამასთანავე განაცხადა, რომ "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს კომუნიკაცია ჰქონდა "ქართულ ოცნებასთან" და ოპოზიციაში მმართველი პარტიის პოზიციებს სწორედ ის აჟღერებდა. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს, მას შემდეგ, რაც"სტრატეგია აღმაშენებელმა" და კონკრეტულად, მისმა ლიდერმა,  გიორგი ვაშაძემ ინდივიდუალურ შეხვედრებზე უარი თქვა, ელისაშვილმა გამოთქვა ეჭვი, რომ მას სკანდალური შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ძველი კომპრომატებით აშანტაჟებენ.