"ქართულ ოცნებასთან" არანაირი მოლაპარაკებები არ მქონია - ზურაბ ჯაფარიძე
"ქართულ ოცნებასთან" არანაირი მოლაპარაკებები არ მქონია - ზურაბ ჯაფარიძე

A+ A-

16:54 19/01/2021

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს "ქართულ ოცნებასთან" არანაირი ინდივიდუალური კომუნიკაცია არ ჰქონია. ამის შესახებ  "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი მედიასთან მისი ყოფილი თანაპარტიელის, იაგო ხვიჩიას ბრალდებებს პასუხობს

ჯაფარიძის თქმით, მას ბოლო კომუნიკაცია მმართველი პარტიის წარმომადგენელთან 2018 წლის ზაფხულში ჰქონდა.

"მე არანაირი მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასთან" არ მქონია და საერთოდ, მათთან კომუნიკაცია არ მქონია ბოლო წლებია. რაც მახსენდება მათთან შეხვედრა, ბოლოს 2018 წელს, ზაფხულში მქონდა, ერთ-ერთ მინისტრს შევხვდი, ისიც  რაღაც კონკრეტულ თემაზე,  რომელზეც გირჩი უჩიოდა და ამ ადამიანს აინტერესებდა კონკრეტული საკითხები.  მეტი კომუნიკაცია ოცნებასთან არ მქონია", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

როგორც ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, უცხოელი ელჩების ფასილიტატორობით გასამართი მოლაპარაკებები იმისათვის არ არის, რომ მტყუან-მართალი გაირჩეს და არც ელჩები არიან მოსამართლეები. 

"ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მაგიდა არ არის იმისათვის, რომ გაირჩეს მტყუან მართალი და ფასილიტატორები იქ მოსამართლეები არ არიან, რომლებიც მხარეებმა უნდა დაარწმუნონ, საკუთარ სიმართლეში. 
ფასილიტატორებს კარგად ესმით, თუ რამდენად ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაში და მათ შორის ესმით ის არგუმენტები, როგორც ერთი, ისე მეორე მხარის. მათი მიზანი არის, რომ ამ პოზიციების დაახლოება მოხდეს და არა ის, რომ გაარკვიონ ერთი მხარე იტყუება, თუ მეორე მხარე", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდის დეტალებსა და შეთანხმებებს იცავს და მისი საჯაროდ გამოტანა, სწორად არ მიაჩნია. 

,,მოლაპარაკებების მაგიდასთან საუბრის გამოტანა რამდენად სწორია, არ ვიცი. თუმცა მე ვიცავ იმ წესებს, რაც დაადგინეს ფასილიტატორებმა და ტექნიკური დეტალები არ გამომაქვს გარეთ. ოპოზიციის ბოიკოიტი არის ის, რაც მათ ამ შემთხვევაში აერთიანებთ", - ამბობს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი. 

როგორ ჯაფარიძემ მედიის წარმომადგენელს განუცხადა: 

,,ბრძოლა, რომელიც იქნება მშვიდობიანი მეთოდებით, ჩემთვის იქნება მისაღები. ეს მეთოდები ჯერ კიდევ არის მოსაფიქრებელი. ჩვენ რაღაც იდეები გვაქვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს განსხვავებული გზები და მეთოდები, იმისგან, რასაც აქამდე ოპოზიცია აკეთებდა, რადგან ამ არსებული პოლიტიკური მეთოდების მიმართ, ივანიშვილსა და მის "ოცნებას" იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. ახალი რაღაცეებია გასაკეთებლი, რაც ახალი იქნება მათთვის და მათ შორის, რაც სიურპრიზის მატარებელი იქნება. მთავარია, ყველა გზა მშვიდობიანი იყოს", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ  ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა მისი ყოფილი თანაპარტიელი უშუალო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან.