"მოუწევთ ჩვენი მოსმენა" - "გირჩი" ოპოზიციასთან საჯარო დისკუსიას ითხოვს
"მოუწევთ ჩვენი მოსმენა" - "გირჩი" ოპოზიციასთან საჯარო დისკუსიას ითხოვს

A+ A-

18:06 19/01/2021

ოპოზიციაში დიდი განხეთქილებისა და პარტიებთან დაპირისპირების მიუხედავად, „გირჩი“ პოზიციებს არ ცვლის და კოლეგებთან საჯარო დისკუსიას მოითხოვს.

როგორც „2020NEWS“-თან „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, მათ აქვთ იდეა, თუ როგორ დაასრულონ მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით.

„ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად ღიად და მაქსიმალურად ხშირად ვილაპარაკოთ ჩვენს პოზიციებზე და გავარკვიოთ ჩვენი კოლეგების პოზიციები. ჩვენი გვაქვს იდეა და გეგმა, თუ როგორ დავასრულოთ მოლაპარაკებები წარმატებით. მიუხედავად იმისა, დაგვეთანხმებიან თუ არა ჩვენი კოლეგები, მაინც მოგვიწევს ამაზე საუბარი და ისინი ჩამოაყალიბებენ თავიანთ პოზიციებს და დავინახავთ, ვის რა არგუმენტი აქვს.

მათი არგუმენტები ჩვენს წინააღმდეგ მე არ გამიგია, გარდა იმისა, რომ ვიღაც ვიღაცას ლანძღავს - ხან ჩვენ, ხან ელისაშვილს, მაგრამ ჩემი აზრით ეს ცოტა არასერიოზულია. რაც მე დღეს სატელევიზიო ეთერებში მოვისმინე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ მათ არგუმენტები არ აქვთ. ჩვენს მიმართ ლანძღვა არ მოდის ყველა ოპოზიციური პარტიისგან და ბევრმა ჩვენმა კოლეგამ კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა. იმედი გვაქვს, რომ საუბარი შედგება. თუ 4-5 ადამიანს არ სურ ჩვენთან საუბარი, მათ არაფერს დავაძალებთ“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა 2020NEWS-თან საუბრისას.

აპირებს თუ არა გირჩი განაგრძოს ინდივიდუალური შეხვედრები პარტიებთან, რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ეს ფორმატი ბევრად კომფორტული და ბუნებრივი პროცესია.

„ინდივიდუალური შეხვედრები ძალიან ბუნებრივი პროცესია, ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი შეხვედრა გვქონდა. ვიღაცასთან ოფისში მიხვალ, ვიღაცას სადღაც შეხვდები, ვიღაც სადღაც მუშაობს და იქ მიაკითხავ - ეს ძალიან ბუნებრივია. ჩვენ საჯარო დისკუსიებზე უარი გვითხეს, მაგრამ საბოლოოდ ამას გადავლახავთ და ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, ვისაც საუბრის სურვილი აქვს, დიდი სიამოვნებით შევხვდებით“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილის მტკიცებით, ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე ინაწილებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოზიციებს ვადამდელ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.

„დღეს გავიგე, რომ ოპოზიციის ნაწილი გეგმავს და ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გადაინაწილონ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოზიციები, ვადამდელ არჩევნებში მოგების შემდეგ. მე მგონი ცოტა ნაადრევია ასეთ რაღაცაზე დროის კარგვა, რადგან მინიმუმ, იმაზე მაინც უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, ბოიკოტი რას ნიშნავს და ბოიკოტში თუ დარჩება - მერე რას გააკეთებს, ამ ვადამდელი არჩევნების შედეგებზე ფიქრითა და ადგილების გადანაწილებით არ ვიცი საერთოდ არჩევნებამდე როგორ მიაღწევენ, რადგან, ეს საერთოდ გაუგებრობა“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეები" და "გირჩი" გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხზე ინდივიდუალური შეხვედრები ეწარმოებინათ. აღნიშნულ წინადადებაზე უარი თქვეს "ევროპულმა საქართველომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ლელომ". ალეკო ელისაშვილმა და იაგომ ხვიჩიამ კი აღნიშნულ პარტიებს ბრალდებები წაუყენეს. ხვიჩიას თქმით, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს მოლაპარაკებების ჩაშლა სურთ და ამასთანავე განაცხადა, რომ "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს კომუნიკაცია ჰქონდა "ქართულ ოცნებასთან" და ოპოზიციაში მმართველი პარტიის პოზიციებს სწორედ ის აჟღერებდა. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის ბრალდებებს, მას შემდეგ, რაც"სტრატეგია აღმაშენებელმა" და კონკრეტულად, მისმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ინდივიდუალურ შეხვედრებზე უარი თქვა, ელისაშვილმა გამოთქვა ეჭვი, რომ მას სკანდალური შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ძველი კომპრომატებით აშანტაჟებენ.

მარიამ მაჭარაშვილი