ახლაც, როგორც გიგა ოთხოზორიას შემთხვევაში, ოკუპანტი შემოგვეჭრა სახლში და ხელისუფლებამ კვლავ სტანდარტულად უპასუხა - ლანა გალდავა
ახლაც, როგორც გიგა ოთხოზორიას შემთხვევაში, ოკუპანტი შემოგვეჭრა სახლში და ხელისუფლებამ კვლავ სტანდარტულად უპასუხა - ლანა გალდავა

A+ A-

18:21 19/01/2021

ოკუპანტი შემოგვეჭრა სახლში, ფიზიკური ძალის გამოყენებით მოგვტაცა სამი მოქალაქე და ხელისუფლებამ კვლავ უპასუხა სტანდარტულად, რომ მიმართა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს დროულად რეაგირებისთვის და აამოქმედა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი, - ასე ეხმიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ლანა გალდავა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩის ცენტრში, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დააკავების ფაქტს და ხელისუფლებისგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას ითხოვს.

„ამ შემაშფოთებელმა ფაქტმაც, როგორც გიგა ოთხოზორიას შემთხვევაში, ნათლად აჩვენა, რომ დღესაც ოკუპანტი შემოგვეჭრა სახლში. უფრო მეტიც, ჩვენი ხელისუფლების მიერ ,,კონტროლირებად” ტერიტორიაზე, სოფლის ცენტრში, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების უუნარობა და შესაბამისი ძალოვანი სამსახურების უმოქმედობა, ჩამოშლილი სახელმწიფოს სისუსტე, რომლის მსხვერპლი გახდნენ უდანაშაულო ადამიანები. პოლიტიკური გართიანება "ლელო საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული შემაშფოთებელი ფაქტიდან გამომდინარე, არ კმარა მხოლოდ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისადმი მიმართვა დროულად რეაგირებისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ამოქმედება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შემდეგი ღონისძიებების გატარება: ხელისუფლებამ უნდა ჩამოაყალიბოს გრძელვადიანი სტრატეგია და შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა დეოკუპაციის მიმართულებით, რაც მოიცავს ოკუპირებულ რეგიონებთან და საოკუპაციო ხაზებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმას;

გასატარებული კომპლექსური ღონისძიებები უნდა მოიცავდეს კონფლიქტისპირა რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას, რაც ნიშნავს ერთობლივ ღონისძიებებს საოკუპაციო ხაზებთან მუდმივი პატრულირებით მოქალაქეების უსაფრთხოების მდგომარეობის გამოსწორებას, კონფლიქტისპირა რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაძლიერებას, მოსწავლე არასრულწლოვნების საგანმანათლებლო პროცესებში სრულყოფილად ჩართვას; სწორედ ზემოაღნიშნული მიზნებით, ასევე უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო და სხვა) ადგილზე წარმომადგენლობითი ოფისების ამოქმედება. ხელისუფლების მთავარი პასუხისმგებლობაა მოსახლეობის დაცულობა, რომ მათ სიმშვიდეში შეძლონ ყოველდღიური ცხოვრება და საქმიანობა“, - აცხადებს ლანა გალდავა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 18 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რაიონისკენ მომავალი სამი მოქალაქე, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩის ცენტრში, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით უკანონოდ დააკავეს და იძულების წესით წაიყვანეს ოკუპირებულ აფხაზეთში.

ამ დროისთვის სამივე დაკავებული გათავისუფლებულია.