ბაჩალიაშვილის საქმეში ბრალდებული ფურცხვანიძის თემა კვლავ გააქტიურდა - რას ეჭვობს ადვოკატი?
ბაჩალიაშვილის საქმეში ბრალდებული ფურცხვანიძის თემა კვლავ გააქტიურდა - რას ეჭვობს ადვოკატი?

A+ A-

19:00 19/01/2021

რატომაა თავისუფალი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის  გარდაცვალების საქმეზე სკანდალებში გახვეული და შემდეგ დაპატიმრებული მოწმე დავით ფურცხვანიძე, რომელიც უცნაურად „მიძვრებოდა“ საქმეში, თან ამტკიცებდა, რომ გარდაცვლილი პროგრამისტი კორუფციისა და ფულის გათეთრების მსხვერპლი იყო? - კითხულობს „2020NEWS“-თან გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და ფურცხვანიძის თემას კვლავ ააქტიურებს.

ადვოკატისთვის საქმის მოწმის თავისუფლება საეჭვოა იმიტომ, რომ ის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენებების მიცემის ბრალდებით დააკავა, შემდეგ კი ჩუმად გაუშვა „თავისუფლებაზე“.

ეს მომენტი რამიშვილისთვის ერთ-ერთია იმ მრავალ საეჭვო ფაქტთაგან, რომელსაც მისი აზრით, პროკურატურა სჩადის სკანდალურ საქმეში. 

 „საეჭვოა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენებების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცვანიძე თავისუფალია.

დავით ფურცხვანიძის თავისთავად თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოჩენაც კი, ცოტა არ იყოს საეჭვოა. ძალიან უცნაურ რაღაცეებს ითხოვდა ჩემგან. უცნაურადმოძვრებოდასაქმეში.

ფურცხვანიძის გამოჩენამ და იმ შოუს დადგმამ საზოგადოების ნაწილში აგრესია გამოიწვია ჩემს მიმართ, თუმცა მე დასაწყისშივე ვთქვი, რომ დარწმუნებული არ ვიყავი იმ ფოტოს ავთენტურობაში. მაშინვე განვაცხადე, რომ ეს მასალა, უბრალოდ, გადმომცეს.

ადამიანი, რომელიც თავისი ინიციატივით მოვიდა ჩემთან, თავისით გამოთქვა სურვილი, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში დაგვხმარებოდა, ხშირად უსვამდა ხაზს სკუთარ პროფესიონალიზმს და ყველა დაგვაჯერა, თითქოს, მართლა იყო ამ ახალგაზრდა გოგონას ამბავით დაინტერესებული.

მან დასაწყისშივე თქვა, რომ თუკი რაიმე პრობლემა შეიქმნებოდა, პასუხს აგებდა სამართლებრივად. მეც ვუთხარი, რომ ეს ასე იქნებოდა“, - აცხადებს რამიშვილი სააგენტოსთან საუბრისას.

მისი თქმით, პროკურატურამ კარგად იცოდა დავით ფურცვანიძის არაავთენტური ფოტოების ამბავი, ამიტომაც ისინი თავიდანვე უარყოფდნენ სატელიტის ფოტოების ნადმვილობას.

„ფურცხვანიძის თქმით, ის ებრძოდა ფულის გათეთრებასა და კორუფციას.  ვითომ ეს იყო მისი საქმეში ჩართულობის მიზეზი. თქვა, რომ თამარი შესაძლოა, ამ ყოველივეს მსხვერპლიაო. ეჭვი ჰქონდა, თითქოს, საქმეში ფულის გათეთრება და კორუფცია ფიგურირებდა.

თქვენი აზრით, რატომ არ დაიჯერა პროკურატურამ თავიდანვე ამ ფოტოების ავთენტურობა?! იმიტომ, რომ იცოდნენ ფურცხვანიძის ტყუილების ამბავი.

ჩემი დისკრედიტაცია სურდათ, უნდოდათ, რომ დავეკავებინე, მაგრამ ამ ხალხმა ვერ შეიგნო, რომ ამ საქმეს არასოდეს ჩამოვშორდები, ვიდრე ბოლომდე არ მივიყვან“, - აცხადებს რამიშვილი.

მისივე თქმით, მისი ოჯახის წევრებზე იყო მუქარისა და თვალთვალის ფაქტები.

„იყო მუქარა, ჩემი ოჯახის წევრებზე თვალთვალი, თუმცა აქამდე არ დავნებებივარ და არც მომვალში ვაპირებ. მოკლულია 23 წლის უკარგესი ადამიანი, უმაგრესი პროფესიონალი გოგონა, რომლის მკვლელობაც არავის შერჩება“. - განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლება დამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, გასული წლის 25 სექტემბერს, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

თავად დავით ფურცვანიძე აცხადებდა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ბაჩალიაშვილის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა, თუმცა, პროკურატურამ ის გამგზავრებამდე დააკავა, დღეს კი, ფურცხვანიძე თავისუფალია.

ხატია მამულია