გაემიჯნეთ ალეკოს - ნინია კაკაბაძის მოწოდება ოპოზიციასა და მედიას
გაემიჯნეთ ალეკოს - ნინია კაკაბაძის მოწოდება ოპოზიციასა და მედიას

A+ A-

10:27 20/01/2021

პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ოპოზიცია საერთოდ არ უნდა დაელაპარაკოს, ხოლო მედიამ მისი კომენტარები უნდა დააიგნოროს. ამის შესახებ მედიაექსპერტი ნინია კაკაბაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ელისაშვილი "ქართული ოცნების" თამაშს თამაშობს და ეს "ცირკი" უნდა მორჩეს.

"მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, თუ გინდათ, რომ ეს ცირკი მორჩეს, მე რომ ოპოზიცია ვიყო, საერთოდ არ დაველაპარაკებოდი ელისაშვილს და მე რომ მედია ვიყო, არც მას მოვიწვევდი სტუმრად და მის კომენტარებსაც დავაიგნორებდი.
სამწუხაროდ, გასაგებია, რომ ეს ადამიანი ახლა თამაშობს "ქართული ოცნების" თამაშს", - წერს კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეები" და "გირჩი" გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხზე ინდივიდუალური შეხვედრები ეწარმოებინათ. აღნიშნულ წინადადებაზე უარი თქვეს "ევროპულმა საქართველომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და "ლელომ".

ოპოზიციური უარის გამო, ელისაშვილი აღნიშნულ პარტიებს დაუპირისპირდა. მან "ევროპული საქართველო" ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მოლაპარაკებების მაგიდის აყირავებაში დაანაშაულა.
ასევე, ელისაშვილმა გამოთქვა ეჭვი, რომ მას შემდეგ რაც, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარი განაცხადა, მას სკანდალური შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ძველი კომპრომატებით აშანტაჟებენ.

ელისაშვილის შეტევის მესამე ობიექტი პარტია "ლელოც" და მისი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც გახდა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ელისაშვილი ხაზარაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა.