არცერთი საქმე გამოვა, თუ არ გვეცოდინება თვალებში ჩახედვისა და ხელის ჩამორთმევის ფასი - მამუკა ხაზარაძე
არცერთი საქმე გამოვა, თუ არ გვეცოდინება თვალებში ჩახედვისა და ხელის ჩამორთმევის ფასი - მამუკა ხაზარაძე

A+ A-

11:34 20/01/2021

პოლიტიკა ბინძურია, ვიდრე პოლიტიკური ველი არ გაიწმინდება და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები ურთიერთობებისა თუ მოქმედებების მარტივ წესზე არ შეთანხმდებიან. ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

მისივე თქმით, ქვეყანაში არჩევნების გაყალბება - პოლიტიკის გაყალბების ბრალია და ვიდრე პოლიტიკაზე, ან რამე საქმეზე დაიწყება საუბარი, მოქმედების წესებზე უნდა მოხდეს შეთანხმება.

"არჩევნების გაყალბება პოლიტიკის გაყალბების ბრალია, პოლიტიკაში დამკვიდრებული სიცრუის, სიტყვის გატეხვის და ღალატის ბრალი. ამიტომ ვიდრე პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე დავიწყებთ საუბარს და გეგმებს დავაწყობთ, ჯერ წესებზე უნდა შევთანხმდეთ“, - აცხადებს ხაზარაძე.

„ლელოს“ ლიდერი ოპოზიციასა და საზოგადოებას  მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის რომანის სიტყვებს ახსენებს: „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე“.

„ჯერ საერთო წესზე შევთანხმდეთ - იმ მორალური, ეთიკური და ღირსების პრინციპების დაცვაზე, რომელიც ქართველ კაცს ისტორიულად მოსდევს. უნდა დავაწესოთ, რომ არცერთი საქმე არ გამოვა თუ არ გვეცოდინება სიტყვის ფასი, თავისუფლების ფასი, თვალებში ჩახედვისა და ხელის ჩამორთმევის ფასი, თუ უარს არ ვეტყვით ღალატს, სიცრუეს, მონობას, საქვეყნო ინტერესზე წინ პირადის დაყენებას“, - მიაჩნია ხაზარაძეს.

მისივე თქმით, პოლიტიკა ბინძური საქმე არაა, თუ მას ღვარძლითა და ჭუჭყიანი ხელებით არ აკეთებ.

„პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ. და პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს არ დამთავრდება, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება. ერთი წელია პოლიტიკაში ვარ და მივხვდი - ყველას, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ამ ქვეყნის წინაშე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ჯერ ამ მარტივ წესებზე უნდა შეთანხმდეს და ბოლომდე დაიცვას. მე მჯერა, რომ „ლელო“ ამ სტანდარტს შექმნის და დაამკვიდრებს ქართულ პოლიტიკაში", - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.