თათბირი კაპიტოლიუმის სასადილოდან და რა ტრადიციები დაირღვა თეთრ სახლში? - ბაიდენის პირველი სამუშაო დღის დეტალები
თათბირი კაპიტოლიუმის სასადილოდან  და რა ტრადიციები დაირღვა თეთრ სახლში? -  ბაიდენის პირველი სამუშაო დღის დეტალები

A+ A-

13:18 21/01/2021

წინამორბედის გაუქმებული გადაწყვეტილებები, არაერთი ახალი განკარგულება და სამომავლო გეგმები. რა ტრადიცია დაირღვა და რით იყო დასამახსოვრებელი ამერიკის შეერთებული შტატების 46–ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პირველი დღე პრეზიდენტის ამპლუაში.

ჯო ბაიდენის გუნდმა თეთრ სახლში მუშაობა უკვე დაიწყო, ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ახალი ადმინისტრაციის წევრებთან პირველი ოფიციალური შეხვედრა კორონავირუსის პანდემიის გამო, ვირტუალურად, თეთრი სახლის სასადილო ოთახიდან გამართა.

იქამდე კი, ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპის მიერ მიღებული  15 განკარგულების გაუქმების შესახებ, დოკუმენტს მოაწერა ხელი. ახალი პრეზიდენტის პირველი განკარგულებები მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შეჩერებას, რამდენიმე მუსლიმური ქვეყნიდან შეერთებულ შტატებში შეზღუდვის გაუქმებას ეხებოდა.

„ეს ერთ–ერთია იმ მრავალ შეხვედრას შორის, რომელიც აქ შედგება. ვიფიქრე, რომ დასაკარგი დრო არ გვაქვს. საქმეს დაუყონებლივ უნდა შევუდგეთ. როგორც ადრე აღვნიშნე, შემდგომ დღეებში რამდენიმე აღმასრულებელ განკარგულებაზე ვაპირებდი ხელის მოწერა, ჰოდა, ეს უკვე დავიწყე“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის სასადილო ოთახიდან თანამშრომლებთან ვერტუალური შეხვედრის დროს .

თეთრ სახლში ჩატარდა პირველი პრესბრიფინგიც, ჟურნალისტებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პრესმდივანმა,  ჯენ ფსაკიმ უმასპინძლა.

ინაუგურაციის შემდეგ, თეთრმა სახლმა ქვეყნის პრეზიდენტისა და ვიცე–პრეზიდენტის ვიდეო მიმართვები გაავრცელა. ჯო ბაიდენმა ერისადმი მიმართვა ლინკოლნის მემორიალთან ჩაწერა.

„თქვენ, ამერიკელი ხალხი ხართ მიზეზი იმისა, რომ ამერიკის მომავალს იმედით ვუყურებ. არაფერია ისეთი, რასაც ვერ შევძლებთ. ჩვენ ყველაფერს ერთად გავაკეთებთ. სწორედ ამას ვხედავ დღეს, ჩვეულებრივი ამერიკელების ამბავს, რომლებმაც არაჩვეულებრივი რამ შეძლეს“. – განაცხადა ბაიდენმა.

ვიდრე ვაშინგტონში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ზეიმობდნენ, კალიფორნიაში დაბრუნდა ქვეყნის 45–ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან ყველა ტრადიციული რიტუალიდან, რომლებსაც ხელისუფლების გადაცემისას ასრულებენ მხოლოდ ერთი დაიცვა და ჯო ბაიდენს ოვალურ კაბინეტში წერილი დაუტოვა. ტრამპმა რეზიდენცია დატოვა სპრეზიდენტო ვერტმფრენით - ბორტი ნომერი ერთით, რომელიც ახლა უკვე  ახალი პრეზიდენტის მომსახურებას დაიწყებს.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში 46–ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიალი ჩატარდა.

ხატია მამულია