როგორ შეიცვალა მსოფლიო ბაიდენის პრეზიდენტობით და რა ფორმით მოხდება ექსპრეზიდენტ ტრამპის მობრუნება დიდ პოლიტიკაში?
როგორ შეიცვალა მსოფლიო ბაიდენის პრეზიდენტობით და რა ფორმით მოხდება ექსპრეზიდენტ ტრამპის მობრუნება დიდ პოლიტიკაში?

A+ A-

19:00 21/01/2021

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის “დიდი დაბრუნება”  შესაძლოა, ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებით მოხდეს, რაც შეეხება დემოკრატ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, ის პრინციპული და გაუტეხელი იქნება. ასე ეხმაურება “2020NEWS”-თან პოლიტოლოგი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დემოკრატი ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებასა და რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტის,  დონალდ ტრამპის, როგორც მან თავად დაანონსა -  რაღაც ფორმით  ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივას.

პეტრიაშვილის თქმით, დემოკრატი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან  მოსალოდნელ საფრთხეებს რეალურად აფასებს და ამ ქვეყანასთან მიმართებაში, პრინციპული იქნება.

– გუშინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში  46–ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართა. თქვენი აზრით, როგორ შეიცვლება მსოფლიო გუშინდელი დღის შემდეგ და რას უნდა ველოდოთ დემოკრატი პრეზიდენტისგან?

– გაჩნდა გარკვეული მოლოდინი. როგორც ევროპის, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათი მოლოდინი ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, პოზიტიურია. სწრაფად მოხდება იმ პრობლემების აღმოფხვრა, რაც აქამდე არსებობდა. ბაიდენმა ამ პრობლემების მოგვარება საკუთარი ქვეყნიდან დაიწყო, როდესაც ხელი მოაწერა ექსპრეზიდენტი დოანლდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას. ამერიკა ურთიერთობების აღდგენა–განახლებას ძალიან მალე მოახდენს.

ძალიან მალე ვიხილავთ ტრანსატლანტიკური კავშირების აღდგენას, რომელიც ინტესიურად მოხდება. ეს კავშირები გამოკვეთს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, რასაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გვიპრდება.

მათ აქვთ სტრატეგია, როგორ უნდა შეაკავონ ჩინეთი, როგორ უნდა იმოქმედონ რუსეთთან, რა პოზიცია უნდა დაიკავონ ირანთან მიმართებაში. 

– როგორი იქნება ბაიდენის ადმინისტრაციას ურთიერთობა ჩინეთთან?

– ვფიქრობ, რომ საკმაოდ პრინციპული და გაუტეხელი იქნება ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთთან. ჩინეთისგან მოსალოდნელ, მომავლ საფრთხეებთან დაკავშირებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე პრინციპული განცხადებები გაავრცელა და რეალურად აფასებენ მათ. „დემოკრატები“ სწორად აღიქვამენ ჩინეთს. ამერიკისთვის ჩინეთი, როგორც მოწინააღმდეგეა, ისე კონკურეტნიცაა. 

როგორ შეაფასებთ გუშინდელ ინაუგურაციის ცერემონიალს?

- იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაიმართა, იყო შთამბეჭდავი და მომავლის იმედით დატვირთული. ძალიან ემოციური იყო ის მოწოდებები, რომლებიც „დემოკრატებმა“ განაცხადეს გუშინ.

ისინი მსოფლიოს ერთობისკენ მოუწოდებენ. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყო. მნიშვნელოვანია მათი დამოკიდებულება და ის პოზიტიური განწყობა, რაც მათ გააჩნიათ.

- როგორ შეაფასებთ ბაიდენის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, როდესაც მან რესპუბლიკელი დონალტ ტრამპის მიერ მიღებული  15 განკარგულების გაუქმების შესახებ დოკუმენტს მოაწერა ხელი.

- ძალიან ცხადი იყო, რომ ეს ასე მოხდებოდა. მოულოდნელი არ იყო ის, რაც მოხდა. წინასწარაც საუბროდნენ ამაზე. ბაიდენისგან ეს საქციელი არავის გაკვირვებია, რადგან ყველამ კარგად იცის დემოკრატების დამოკიდებულება ემიგრანტების მიმართ. კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგაც ბაიდენი სხვანაირ მეთოდებს განახორციელებს.

- ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აუცილებლად დაბრუნდებოდა - რაღაც ფორმით... თქვენი აზრით, რას გულისხმობდა რესპუბლიკელი ტრამპი ამ განცხადებით?

- დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, თუმცა, ითქვა, რომ შესაძლოა რესპუბლიკელი ტრამპი ვიხილოთ როგორც მედიასივრცეში, ისე სოციალურ პლატფორმაზე - მაგალითად, ფეისბუქის, ან ტვიტერის მსგავსი სოციალური ქსელის. შესაძლოა, ის ტელევიზიაშიც ვიხილოთ.

რესპუბლიკელებში ტრამპი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მან დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს პოლიტიკური პარტია.

- საქართველოსთვის რა შეიცვლება ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებით?

- საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან უფრო მეტი ყურადღება იქნება გამოჩენილი, ვიდრე აქამდე იყო. დემოკრატიისა და თავისუფლების დღის წესრიგი - არის ბაიდენის პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ, დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობას დემოკრატების ადმინისტრაციიდან დიდი მხარდაჭერა ექნება. აგრეთვე ხელს შეუწყობენ მედია თავისუფლებასა და დეზინფორმაციების გავრცელებას შეუშლიან ხელს.

ხატია მამულია