ევროპულმა სასამართლომ აგრესორი მსხვერპლის როლში გამოიყვანა - ბიბილოვი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
ევროპულმა სასამართლომ აგრესორი მსხვერპლის როლში გამოიყვანა - ბიბილოვი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

A+ A-

12:08 22/01/2021

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "აგრესორი" საქართველო მსხვერპლად გამოიყვანა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

ბიბილოვის თქმით, დოკუმენტს ”საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტ მოვლენებთან და ფაქტებთან” და ნაკარნახევია ”დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკური კურსისგან, რომელსაც ერთი წუთითაც არ უფიქრია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ქართული აგრესიის დაგმობაზე და ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე”.

შეგახსენებთ, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა საქართველოს მთავრობის მიერ ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონვენციის სხვადასხვა დარღვევის შესახებ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა გაიმიჯნოს სამხედრო მოქმედებების აქტიური ფაზა (2008 წლის 8-12 აგვისტო) და სხვა მოვლენები, რომლებიც მოხდა საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის შეწყვეტის შემდეგ, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ. სასამართლომ გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მრავალი სხვა დოკუმენტი, აგრეთვე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. გარდა ამისა, სასამართლომ მოისმინა 33 მოწმისგან მტკიცებულებები.