სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე პუტინამდე მიდის - გვარამია
სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე პუტინამდე მიდის - გვარამია

A+ A-

16:10 22/01/2021

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმე რუსეთის პრეზიდენტამდე, ვლადიმერ პუტინამდე მიდის. ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელზეც თავად გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია დაიკითხნენ გვარამიამ თქვა, რომ დაკავებული ნამდვილად ქილერია. 

"ძალიან უსიამოვნო შეგრძნებით გამოვედი, ძლოკვი იჯდა ჩვეულებრივად, რაღაცნაირი ხმით. შეიძლება ადამიანის უფლებებს ვარღვევ, მაგრამ მე ასე წარმომიდგენია ქილერი.

მე მქონდა ინფორმაცია მარტში, უკრაინული წყაროებიდან და ვიცოდი, რომ საქართველოს შესაბამისი სამსახურები ფლობდნენ ამ ინფორმაციას, ანუ მიიღეს უკრაინიდან და მუშაობდნენ. ამიტომ, ჩვენ ვიყავით ძალიან ფრთხილად, არ ჩავერიეთ ამაში, არ გამჟღავნებულა ეს. სულ სამმა ადამიანმა ვიცოდით - მე, გიორგიმ და მისი დაცვის უფროსმა. ამის შემკვეთი არის ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი. რაც ზუსტად ვიცით და არის ახალი ინფორმაცია, სუსს აქვს იმის მტკიცებულებები, რომ ეს ყველაფერი მიდის პუტინამდე, და უბრალოდ აღარ იცის რა ქნას,"-განაცხადა გვარამიამ. 

თავად გაბუნიამ კი განაცხადა, რომ მას დაუსვეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, საიდან იცოდა მისი ლიკვიდაციის​ გეგმის შესახებ და შეხვედრია თუ არა პირადად ბრალდებულს. 

"ძირითადად, კითხვები შეეხებოდა იმას, საიდან მქონდა ინფორაცია, რომ ჩემზე თვალთვალი მიმდინარეობდა და ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა. შემდეგ, იყო კითხვა იმასთან დაკავშირებითაც, ბრალდებული პირადად თუ მინახავს ან თუ შემხვედრია. არა, თქვენც რომ ნახოთ რეალურ ცხოვრებაში, ასეთი ადამიანი რომ შეგხვდეთ, აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ. არ მინახავს, მაგრამ ეს არსებითად არ ცვლის ვითარებას.

ამიტომაც, თვითონ ბრალდებასაც და დაცვასაც ამ მიმართულებით აინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ლიკვიდაცია ვერ მოხდა, რამდენად დაასახიჩრა ამან ჩემი ყოველდღიური ცხოვრება,"- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.