ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა, არ არსებულ გამარჯვებაზე საუბარს მოვრჩეთ - ნათელაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
ცხინვალის რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა, არ არსებულ გამარჯვებაზე საუბარს მოვრჩეთ - ნათელაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

A+ A-

10:14 25/01/2021

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტით ოკუპირებული ცხინვალი საქართველოს კიდევ უფრო დაშორდა. ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს. 

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ჯარი საქართველოში არ ყოფილა და რუსეთი პასუხს არ აგებს იმაზე, რაც 8-12 აგვისტოს ოკუპირებულ ცხინვალში ხდებოდა.

"ახლა მეც ჭეშმარიტად თქვენთან ერთად გავიხარე როდესაც ევროსასამართლოს ვერდიქტზე შევიტყვე, მაგრამ როდესაც გავეცანი ამ გადაწყვეტილებას სადაც პირდაპირ წერია, რომ 7 აგვისტოს რუსეთის ჯარები არ ყოფილა საქართველოში და რუსეთი პასუხს არ აგებს რაც ხდებოდა ცხინვალის რეგიონში 8 - 12 აგვისტოს რადგან ისინი თურმე იცავდნენ მშვიდობისმყოფელებსა და სამოქალაქო მოსახლეობას საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან და ა. შ მოკლედ სიხარულიდან არაფერი აღარ დამრჩა", - წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში. 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ არ არსებულ გამარჯვებაზე საუბარს უნდა მორჩეს საზოგადოება. 

მისივე თქმით, ომის საქმეზე, ვერდიქტის დისპოზიციურ ნაწილში ევროპის სასამართლომ "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ის განცხადებები ასახა, თითქოს, აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.

"მესმის რომ ყოფილ და ახლანდელ მმართველ ძალებს სურთ დააფიქსირონ საკუთარი დამსახურებანი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ დამერწმუნეთ ამ ვერდიქტით ცხინვალი რეგიონი უფრო მეტად დაგვცილდა ვიდრე აქამდე იყო. ამიტომ არ არსებულ გამარჯვებებზე საუბარს მოვრჩეთ და ნუ მივაძინებთ სამუდამოდ ამ ოპიუმით იმ სახალხო ჟინს რამაც დიდი საქართველო უნდა აღგვადგენინოს. P.S შთაბეჭდილება რჩება,რომ ევროპის სასამართლომ დისპოზიციურ ნაწილში ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პუტინთან მომზადებული განცხადებები ასახა იმის თაობაზე თითქოს ჩვენს მიწაზე ჩვენვე გავაჩაღეთ ომი", - წერს ნათელაშვილი.

ცნობისთვის, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხებოდა საქართველოს მთავრობის მიერ ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონვენციის სხვადასხვა დარღვევის შესახებ, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა გაიმიჯნოს სამხედრო მოქმედებების აქტიური ფაზა (2008 წლის 8-12 აგვისტო) და სხვა მოვლენები, რომლებიც მოხდა საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის შეწყვეტის შემდეგ, ანუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ. სასამართლომ გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მრავალი სხვა დოკუმენტი, აგრეთვე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. გარდა ამისა, სასამართლომ მოისმინა 33 მოწმისგან მტკიცებულებები.