სანამ საქვეყნო პრობლემებზე ვისაუბრებთ, გავერკვეთ, რა მოსულა და რა არა - ხუხაშვილი
სანამ საქვეყნო პრობლემებზე ვისაუბრებთ, გავერკვეთ, რა მოსულა და რა არა - ხუხაშვილი

A+ A-

12:09 25/01/2021

ქართული საზოგადოება მზად არის უსასრულოდ უსასრულოდ ისაუბროს ნაგვის დაყრაზე, მაგრამ არ უნდა ისაუბროს, რომ პოლიტიკაში "რაღაცა არ მოსულა" და ირაკლი ჩავლეიშვილის აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა საზოგადოებრივად საშიში ქმედებაა და არა მისი პირადი პრობლემა. ამის შესახებ პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს. 

იგი იხსენებს მსოფლიო ლეგენდის ლუჩანო პავაროტის მაგალითს და ამბობს, რომ ირაკლი ჩავლეიშვილის საქციელი მისი უვნებელი "კონფორმიზმი" არა არის და ეს არ შეიძლება მხოლოდ მის პერსონალურ რეპუტაციულ ზიანად განვიხილოთ.

"ლუჩანო პავაროტის, რომელსაც მთელი იტალია აღმერთებდა, ერთი პერიოდი მეზობლები არ ესალმებოდნენ, რადგან ეჭვმიტანილი იყო გადასახადების დამალვაში.
ასე მუშაობს მორალური კანონი, რომელიც ფორმალურ კანონებზე არანაკლებ ეფექტურია საზოგადოების სიჯანსაღისთვის.

როდესაც დღეს ვცდილობთ ჩავლეიშვილის საქციელი უვნებელ “კონფორმიზმად” წარმოვაჩინოთ და ზიანი მისი პერსონალური “რეპუტაციით” გავზომოთ, აქ ჩანს რომ ჩვენს საზოგადოებაში ეს მორალური ზღუდე მორღვეულია, ანუ ყველაფერი მოსულა და ეს პიროვნების პირადი პრობლემაა.

ამ დროს, ამ ტიპის კონფორმიზმი დღევანდელ საქართველოში მთავარ სოციალურ უბედურებად იქცა და მთელი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი სხეული დააზიანა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების ჩათვლით.
ჩვენი საზოგადოება მზად არის უსასრულოდ ილაპარაკოს ფორმაზე, მაგალითად ნაგვის დაყრაზე, ექსტრემიზმზე, მაგრამ არ უნდა საუბარი იმაზე, რომ რაღაცა “არ მოსულა” და ცივილიზებული გაგებით საზოგადოებრივად საშიში ქმედება, პიროვნების პირად პრობლემად მონათლოს.

ამიტომ, ყველას ვთხოვდი, სანამ საქვეყნო პრობლემებზე ვისაუბრებთ, გავერკვეთ, რა მოსულა და რა არა...", - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, 25 იანვარს, ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრი ირაკლი ფანგანი დააკავეს. მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.