ვიზიარებ მოქალაქეების მოსაზრებას, ოპოზიცია არ ცდილობს კრიზისის განმუხტვას - ლევან იოსელიანი
ვიზიარებ მოქალაქეების მოსაზრებას, ოპოზიცია არ ცდილობს კრიზისის განმუხტვას - ლევან იოსელიანი

A+ A-

18:46 25/01/2021

ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად თანმიმდევრულ ნაბიჯებს არ დგამს, რაც NDI-ის კვლევაშიც დადასტურდა. ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ოპოზიციის დაბალი რეიტინგი განპირობებულია იმით, რომ ისინი პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გაგრძელების მომხრეები არ არიან.

„მე ვიზიარებ ჩვენი მოქალაქეების მოსაზრებას, რაც დადასტურდა NDI-ს კვლევით. სხვადასხვა პროცენტი თვლის, რომ პოლიტიკური პროცესები უნდა გაგრძელდეს პარლამენტში. მე ვარ ამის მომხრე. ოპოზიცია არ დგამს თანმიმდევრულ ნაბიჯებს, ოპოზიცია არ ცდილობს კრიზისის განმუხტვას, მოლაპარაკებების გზით. ჩვენ ვდგავთ, ჩვენი პარტია დგამს მხოლოდ ამ მიმართულებით ინდივიდუალურ ნაბიჯებს სხვა ოპოზიციურ პარტიებში ასეთ მონდომებას ვერ ვხედავ და მგონია, რომ სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ასეთი ციფრები გამოვიდა ამ კვლევაში“,- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, NDI-მ დღეს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში. NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).