სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა
სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა

A+ A-

10:30 27/01/2021

ოქროყანის შემზარავი ტრაგედიიდან და 28 წლის სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. 2006 წლის 28 იანვარ გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოზე მეგობრებმა გარდაცვლილი იპოვეს. მას მრავალჯერადი დაზიანებები აღენიშნებოდა. როგორც მოგვიანებით, გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებდა, 28 წლის ახალგაზრდას ჭრილობები ბასრი საგნით ქონდა მიყენებული. ამ მკვლელობამ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია და დღემდე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულად რჩება.

ყველაფერი 27 იანვარს, „შარდენბარში“ დაიწყო. ბარში დაწყებული ინციდენტი, რომლის მონაწილეებიც ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და მისი თანმხლები პირები იყვნენ, ოქროყანაში დასრულდა მძიმე გარჩევებითა და 28 წლის ახალგაზრდის სიკვდილით.

სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს, მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად „შარდენ–ბარში“ თავის მეგობარ გოგოს, თამარ მაისურაძეს, მიაკითხა, რომელიც იქ შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან, თაკო სალაყაიასთან, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, დათა ახალაიასთან, შსს–ს გენინსპექციის უფროსთან, ვასილ სანოძესთან და შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან, გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, თავშეყრის მიზეზი ვასილ სანოძის დაბადების დღე იყო.

არსებული ვერსიით, სანდრო გირგვლიანს მეგობარი გოგონა გაუკიცხავს უცნობ მამაკაცებთან, ერთ მაგიდასთან ყოფნის გამო.

თავად მაისურაძემ სასამართლოში მისი დიალოგი გირგვლიანთან ამგვარად გაიხსენა: „მან მკითხა, თუ რატომ ვიჯექი უცნობ ხალხთან. ამაზე მე ვუპასუხე, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვისთან ვიყავი და ვკითხე, თუ მხოლოდ ამის საკითხად იყო მოსული. მე არ ვიცნობდი ამ ხალხს, მაგრამ ისინი იმ გოგოს ნაცნობები იყვნენ, ვისთანაც მე მოვედი. შემდეგ მან მკითხა, რატომ ვიჯექი იმ „პედერასტთან“, მიუთითა რა გურამ დონაძეზე (სამინისტროს პრეს-ცენტრის მეთაური)“.

ბარიდან გასვლის შემდეგ გირგვლიანი და ბუხაიძე უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ, ML კლასის მერსედეს-ბენცში“ შეყარეს და გაიტაცეს.

გატაცებულები ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს

ნაწამები და გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანი მისმა მეგობრებმა 28 იანვარს იპოვეს.

მოგვიანებით, ბუხაიძემ სასამართლოზე, გამტაცებლებს შორის, ამოიცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი, რომელიც ამ საქმეზე პასუხისგებაში იქნა მიცემული, კიდევ სამ პირთან ერთად.

ვანო მერაბიშვილის შსს-მ კი ძიების თავდაპირველ ეტაპზე განაცხადა, რომ მკვლელობა ე.წ. „სვანურ გარჩევებს“ უკავშირდებოდა. თავად ვანო მერაბიშვილის საქართველოს პარლამენტში, ამ საქმეზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ, მაშინდელმა ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ქვეყანაში ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართა - მერაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, მაშინ ეს აქციები ხელისუფლებამ დაშალა.

სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე, ჯერ კიდევ 2006 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირი დასჯილი არ იყო. შვილის გარდაცვალებიდან, დაახლოებით, წელიწადნახევარში, გარდაიცვალა თავად ირინა ენუქიძეც, ხოლო   გირგვლიანის საქმე ევროპულ სასამართლომდეც მივიდა.

2011 წლის 26 აპრილის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ხელისუფლებას მოსარჩელეებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ „ის გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება.

უფრო მოგვიანებით, როდესაც მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა ამოეწურა,  მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მესამე პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო და 4 წლით პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

“სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურებულად მიიჩნია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ალექსანდრე გირგვლიანის საქმესთან შემხებლობში მყოფი მაღალი თანამდებობის პირებისათვის, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მიზნით, გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურს, მიხეილ ბიბილურიძეს და ალექსანდრე ღაჭავას შეწყალების დაპირება, რაც მოგვიანებით შეასრულა. შესაბამისად, პასუხისმგებლობისგან აცილებულ იქნენ მაღალი თანამდებობის პირები, რამაც დაზარალებულის ოჯახის წევრთა უფლებებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევა გამოიწვია”, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

მთავარი პროკურატურა  კი მიიჩნევდა, რომ  სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადგილი ქონდა სისტემურ დანაშაულს, რომელშიც ჩართული იყვნენ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი ძმა დათა ახალაია.

როგორც მაშინ  ერთ-ერთი ქართული მედიაგამოცემა წერდა, პროკურატურის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქმეზე  გამოიკვეთა გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა, გამოძიების გაყალბება, დანაშაულში ჩართული მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელის დაფარება და მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, რაც  განხორციელდა სახელმწიფო უწყებების და მათი ხელმძღვანელი პირების: შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დავით ახალაიას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარის ბაჩანა ახალაიას, გენერალური პროკურატურის და საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული, დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად.