ჯანმოს ექსპერტები უხანში გამოძიებას იწყებენ
ჯანმოს ექსპერტები უხანში გამოძიებას იწყებენ

A+ A-

11:29 27/01/2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები, რომლებიც უხანში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ საგამოძიებო საქმიანობას იწყებენ. 13-კაციანმა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა COVID-19-ის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზი უნდა დაადგინოს. COVID-19-ის პირველი შემთხვევა სწორედ ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, შემდეგ კი ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 101 მილიონს მიაღწია, რეკორდულად იზრდება პანდემიით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა, მსოფლიოში COVID-19-მა 2 170 000 ინფიცირებული იმსხვერპლა. დღეისათვის მსოფლიოში COVID-19-ზე ვაქცინაცია 70 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა. რაც ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტთა განცხადებით, კოვიდინფიცირებისა და ლეტალობის ყოველდღიურ ახალ შემთხვევებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქვეყნებმა პანდემიის მართვის მიზნით, მკაცრი ლოკდაუნი აამოქმედეს. მათ შორის არის გერმანია , სადაც ანგელა მერკელი აცხადებს რომ პანდემიასთან საბრძოლველად მრავალმხრივი მიდგომაა საჭირო. კანცლერის თქმით უცილებელია იმ პროგრამების მხარდაჭერა, რომელიც ვაქცინებზე ღარიბი ქვეყნების ხელმისაწვდომობის სუბსიდირებას ითვალისწინებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ ზაფხულის დასასრულისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 300 მილიონი ამერიკელი მიიღებს. ამერიკა დამატებით ვაქცინის 200 მილიონ დოზას შეიძენს.