ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი - დავით სერგეენკო
ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი - დავით სერგეენკო

A+ A-

12:06 27/01/2021

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერს. 

მისი თქმით, პარლამენტში მათ შემოსასვლელად ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული. 

„მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დავუჭერდი, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული – კონსულტაცია, მოლაპარაკება იმისთვის, რომ დეპუტატები შემოვიდნენ პარლამენტში. ამაზე ცალსახა პოზიცია ამ წუთის მდგომარეობითაც არ არის. განსხვავებული პოზიციებია და დღევანდელი შეხვედრები და კონსულტაციები სწორედ ამას მიეძღვნება. სულისკვეთება ერთი და იგივე აქვს ყველას, რომ მაქსიმალური შანსი მიეცეს ყველას, რომ კარები არ დაიხუროს. 2 თებერვლამდე კიდევ დროა და შესაძლებელია, ბევრი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ალბათ, იქნება აზრთა სხვაობა და კონსულტაციები იმისთვის, რომ შევჯერდეთ ერთ პოზიციაზე. განწყობა ყველას ერთი აქვს, თუმცა, ეს განწყობა სხვადასხვა მზაობაში გამოიხატება.

ეს საკითხი გასაანალიზებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ისე, როგორც შემოგითვალეს ოპოზიციიდან. საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ ჩემი აზრით, იქნება თავისუფალი კენჭისყრა“, – განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების მოხსნის პროცედურა იწყება. დღეს „ლეიბორისტების“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საკითხი გავა კენჭისყრაზე. 28 იანვარის სხდომაზე კი, პარლამენტი დანარჩენი 49 ოპოზიციონერის განცხადებებსაც განიხილავს.

ცნობისთვის, ახლად შექმნილი პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ საკითხს მხარს არ დაუჭერს.