ადამიანები ვერ მიდიან თეატრში, მაგრამ კულტურა მივა მათთან - ნიკოლოზ რაჭველისა და თეა დარჩიას მონაწილეობით, სენსაციური პროექტი დაიწყო (ვიდეო)
ადამიანები ვერ მიდიან თეატრში, მაგრამ კულტურა მივა მათთან - ნიკოლოზ რაჭველისა და თეა დარჩიას  მონაწილეობით, სენსაციური პროექტი დაიწყო (ვიდეო)

A+ A-

23:00 27/01/2021

საქართველოს თეატრის ისტორიაში პირველად, ვინაიდან კორონაპანდემიაა და ხალხი ვერ მიდის საკონცერტო დარბაზებში,  თავად ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველთან და კულტურის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად,  ესტუმრა თბილისის ერთ-ერთ ეზოს. კულტურის მუშაკებმა ამ ეზოს მაცხოვრებლებს ულამაზესი და დაუვიწყარი საღამო აჩუქეს.

სენსაციური პროექტის - „მუსიკა შენს ფანჯრებთან“, ერთ-ერთი ორგანიზატორის, თეონა ჯორბენაძის თქმით, პროექტის იდეა პანდემიიდან გამომდინარე გაჩნდა, ვინაიდან ხალხი ვერ მიდის საკონცერტო დარბაზში თავად შემსრულებლები მივიდნენ ხალხთან.

პროექტის ფარგლებში პირველი კონცერტი თბილისის მერიის ხელშეწყობით „M2-იპოდრომი“- ის საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში ჩატარდა.

„ამ პროექტის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც შეზღუდვები გამკაცრდა და ხალხის შეკრება აიკრძალა. გამიჩნდა იდეა მოძრავი სცენის გაკეთების და შემსრულებლებიც სიხარულით დამთანხმდნენ. აი, ვაჩუქეთ ერთ თბილისურ ეზოს სიხარული. არასდროს დამავიწყდება იმ ოვაციების ხმა, რასაც ადამიანები სახლის აივნიდან გამოხატავდნენ“, - განაცხადა თეონა ჯორბენაძემ „ტვ პირველთან“.

კონცერტზე საცეკვაო ნომრები ცნობილმა მოცეკვავემ, თეა დარჩიამ შეასრულა, ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური ორკესტრის აკომპანიმენტით, ოპერის მომღერალმა, ოთარ ჯორჯიკიამ კი სხვადასხვა ნაწარმოებებიდან არიები შეასრულა. კონცერტში მონაწილეობას იღებდა მუსიკოსი გიორგი ცაგარელი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ორგანიზატორები და შემსრულებლები არ აპირებენ გაჩერებას და უახლოეს მომავალში მეორე ღონისძიებას გეგმავენ.

სალომე კაპანაძე