სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" გაკოტრების ისტორიული პროცესი დააჩქარა - კახა კუკავა
სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" გაკოტრების ისტორიული პროცესი დააჩქარა - კახა კუკავა

A+ A-

425

17:34 31/10/2018

ინტერვიუ  „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავასთან

"თავისუფალი საქართველოს“ვლიდერი კახა კუკავა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ასეთ შედეგს ელოდა და აცხადებს, რომ  „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის დასახელებამ,   „ოცნების“ გაკოტრების ისტორიული პროცესი დააჩქარა.

-  ყველა ველოდით არჩევნების მსგავს შედეგს, მაგრამ ასეთ გამანადგურებელს ნამდვილად არა. „ქართული ოცნება“ ასე სწრაფად თუ გაკოტრდებოდა, ბევრისთვის მოულოდნელი  აღმოჩნდა.

- რა არის „ქართული ოცნების“ გაკოტრების მიზეზი?

- ამის მიზეზია ის უტიფარი სახეები, რომლებიც ყოველდღე ამბობენ, რომ საქართველოში ცხოვრება ყვავის და თურმე  ქართველი ხალხი ამას ვერ ხედავს. ესენი არიან: თალაკვაძე, მდინარაძე, კობახიძე და მთავარი სახე - ბიძინა ივანიშვილი.

- „ოცნების“ „გაკოტრების“ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა არ დააყენა?

- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რადგან სალომე ზურაბიშვილიც ამ უტიფარ სახეებს განეკუთნება. ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაში და „ქართულ ოცნებაშიც“ უნდა იყოს საზოგადოებისთვის ბევრად უფრო მისაღები, მაგრამ ნაკლებად მორჩილი სახეები და არა,  უტიფარი და ნაკლებად მორჩილი სახეები. ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატი შეარჩია  იმ მხრივ, თუ  ვინ იყო მის მიმართ  მორჩილი, თორემ რომ დაეყენებინა, კალაძე, კახიშვილი ან სერგეენკო, მაშინ ასეთი შედეგი  კატასტროფული არ იქნებოდა. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გამოვიდა, ზურაბიშვილის კანდიდატურის დასახელებამ დააჩქარა „ქართული ოცნების“ გაკოტრების ისტორიული პროცესი.

- „ქართული ოცნების“ გაკოტრება გასაგებია, ამის პარალელულად  „ევროპულმა საქართველომ“ ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა. თქვენ თუ გაერთიანდებით მათ მიერ შექმნილ საკოორდინატო შტაბში?

-  რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, რადგან  გაერთიანებული ოპოზიციაში შემავალი ყველა ძალა, მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია. ჩვენი პოლიტიკური პარტია შეიქმნა იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნისთვის მიუღებელი იყო. მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არ ვაპირებთ საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ წასვლას. „თავისუფალი საქართველოს“ შეფასება ასეთია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და „ქართული ოცნება“  ორივე არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა.

პიროვნულად, გრიგოლ ვაშაძე შეიძლება უფრო სიმპატიურად გამოიყურებოდეს, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ხშირად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს. მაგრამ, აქ საუბარი მხოლოდ პიროვნებებზე არაა, აქ საუბარია იმაზე, რომ მათ უკან საშიში პოლიტიკური გუნდები დგანან.

- და როგორ ფიქრობთ, თქვენი ამომრჩეველი ვის დაუჭერს მხარს?

- სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა გვაქვს, სადაც ხმები სამ თანაბარ ნაწილად იყოფა.