"თუ სალომე ზურაბიშვილი წააგებს, ქვეყნის მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილი იქნება"
"თუ სალომე ზურაბიშვილი წააგებს, ქვეყნის მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილი იქნება"

A+ A-

831

15:44 01/11/2018

"ქართული ოცნების" ყოფილი მრჩეველი, ლინკოლნ მიტჩელი მმართველ გუნდს საარჩევნო კამპანიას უწუნებს. მიტჩელი, 2020NEWS-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებისთვის სწორი გზავნილების მიწოდებით კუთხით, შეცდომა დაუშვა და თუ ამას არ გაითვალისწინებს, ხელისუფლებას „ხელიდან გაუშვებს“.

რამ განაპირობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, მმართველი გუნდის რომელ „მესიჯებს“ მიიჩნევს არამართებულად, რატომ თვლის, რომ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტება სახიფათო იქნება - ამ და სხვა საკითხებზე ლინკოლნ მიტჩელი "2020NEWS"-ს ესაუბრა: 

- რამდენად მოსალოდნელი იყო თქვენთვის ეს შედეგი? - მეორე ტურს ველოდი, მაგრამ არ ველოდი, რომ შედეგები ასე ახლოს იქნებოდა ერთმანეთთან. მეგონა, რომ სალომე ზურაბიშვილს 8 პროცენტით მეტი მაჩვენებელი მაინც ექნებოდა. - რა გაძლევდათ ამ მოლოდინის საფუძველს? - ვაშაძე ასოცირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელსაც დაბალი რეიტინგი აქვს. ხალხი მათი მმართველობით ძალიან უკმაყოფილო იყო, ამისთვის ბოდიშიც არ მოუხდიათ. ამიტომაც არ ველოდი, რომ ასეთი მაღალი რეიტინგი ექნებოდა ვაშაძეს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ კანდიდატს. 

- რამ განაპირობა ასეთი ცვლილება და ხალხის განწყობის ცვლილება?

რამდენიმე ფაქტორია: პირველი - მიუხედავად ბევრი პოზიტიური თვისებისა, სალომე ზურაბიშვილი არ არის მაინც დადებითი კანდიდატი „ქართული ოცნებისთვის“, რადგან მისი რეიტინგი ნელ-ნელა შესუსტდა. უფრო ქარიზმატული, დინამიური კანდიდატი რომ ყოფილიყო, ალბათ შედეგები სხვაგგვარი იქნებოდა. ფაქტობრივად, ერთი ტიპის კანდიდატები არიან გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი. მეორე ფაქტორი: 6 წელია, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და მუდმივად იმის გამეორება, რა ცუდი ხელისუფლება იყო მანამდე, ეს არაფერს გვაძლევს. მთავარია, რა გვაქვს - ეს არის ადამიანების კითხვა. ფაქტობრივად, არც არაფერი გვაქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებით ადამიანების დაშინება ძალას კარგავს, ისინი 6 წლის განმავლობაში სწორედ ამით აშინებდნენ მოსახლეობას. „ქართული ოცნების“ გზავნილი არ არის სწორი - იმის ნაცვლად, რომ მათ ეთქვათ - ჩვენ ვიცით ჩვენი შეცდომები, ვიცით რომ არ არის სამსახურები, ვიცით, რომ ეკონომიკაში გვაქვს პრობლემები და ამას გამოვასწორებთ, ისინი სხვა რამეზე ლაპარაკობენ. ეს არ არის რელევანტური მიდგომა. ისინი ებრძვიან არასამთავრობო სექტორს. თუნდაც ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე არ თქვა ის „მესიჯი“, რაც საჭირო იყო. სულ სხვა თემა შემოაქვთ და არა ის, რაც ხალხს აწუხებს.

- როგორ ფიქრობთ, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში იყო პრობლემა? - შეიძლება კარგად დაგეგმეს, მაგრამ კარგად არ შეასრულეს.

- ხომ არ იმოქმედა იმ ფაქტორმაც, რომ მმართველ გუნდს პირდაპირ არ დაუსახელებია თავისი კანდიდატი და „მხარი დაუჭირეს დამოუკიდებელ კანდიდატს?“

- თავად კანდიდატის შერჩევის პროცესი იყო უცნაური - თითქოს, ხან მხარს უჭერდნენ - ხანაც - არა. კანდიდატის შერჩევნი პროცესში ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მას მოეგო არჩევნები, თუმცა რეალური მხარდაჭერა არ უნდა ჰქონოდა მათი მხრიდან, როგორც ეს მარგველაშვილის შემთხვევაში მოხდა.

- გარდა იმ საკითხებისა, რაზეც ისაუბრეთ, როგორ ფიქრობთ, ითამაშა თუ არა გარკვეული როლი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ ომის დაწყების თაობაზე?

- მას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, ის რაც თქვა, ევროპულ წრეებში გარკვეულწილად მიღებულია. თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ამას იტყვით, განსაკუთრებული არაფერია ამაში. მაგრამ მას როგორც ჩანს, არ აქვს ის უნარ-ჩვევები, რაც უნდა ჰქონდეს საპრეზიდენტო კანდიდატს უშუალოდ არჩევნების დროს, რადგან სწორედ ამ დროს არ შეიძლება ასეთ რამეზე საუბარი. ეს ამომრჩევლისთვის მიუღებელია.

- ეს არ შექმნიდა გარკვეულ უხერხულობას, როცა პრეზიდებტობის კანდიდატი, რომელიც დარწმუნებულია გამარჯვებაში, ამბობს, რომ ქვეყანამ დაიწყო ომი?

- მას არ უთქვამს, რომ საქართველო დაესხა თავს რუსეთს მის ტერიტორიაზე. პუტინმა მახე დაუგო მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გაება ამ მახეში - ფაქტობრივად, პროვოკაციას წამოეგო. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების შუაგულში არც ამის თქმა იყო კარგი. -

საერთო ჯამში, რისი მაჩვენებელია ეს არჩევნები. ხალხმა რას მისცა ხმა ვაშაძის შემთხვევაში? ახალი კონტურები გამოიკვეთა თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ძალთა გადანაწილება როგორ წარმოგიდგენიათ?

- ხალხმა ხმა მისცა უფრო ნამდვილ პრეზიდენტს, ვიდრე სიმბოლურ ფიგურას, რომელიც ყველაფერში თითქოს „ქართულ ოცნებას“ დაუჯერებს. გრიგოლ ვაშაძე თითქოს დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს. „ქართული ოცნება“ ფიქრობდა, რომ ვაშაძე ასოცირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ხალხი მას მხარს არ დაუჭერდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ორი წელი საკმარისი დროა, განსაკუთრებით საქართველოში. ეს არის შემოტრიალების წერტილი საქართველოსთვის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რადგან ხელისუფლება ხელიდან არ გაუშვას. მათ ვურჩევდი, გააცნობიერონ, რა არ გააკეთეს კარგად და გააუმჯობესონ მართვის სტილი. მეორე მხრივ, ისინი შეიძლება, პირიქით, ძალაუფლების განმტკიცებას შეეცადონ, შეზღუდონ მედია, ადამიანის უფლებები, დემოკრატია... - რაც ძალიან ცუდი იქნება. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ რაღაც უკეთესი უნდა გააკეთონ, ვიდრე „ქართულ „ოცნებაზე“ მუდმივად იერიშის მიტანა.

- თქვენი აზრით, რატომ მისცა ხმა ამომრჩეველმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ კანდიდატს? ძალა, რომელმაც წააგო არჩევნები 2012 წელს და თქვენ თავად საუბრობდით, რომ 9 წელს მუდმივად ახსენებდა ხალხს „ქართული ოცნება?“

- ალბათ იმიტომ, რომ პრეზიდენტს დიდი ძალაუფლება არ აქვს და ხალხმა იფიქრა, მოდით, შანსი მივცეთ. თუ ვაშაძე მოიგებს, ეს ალბათ კარგი იქნება დემოკრატიისთვის და მრავალპარტიულობისთვის. მუდმივი ბრძოლა ორ პარტიას შორის არ არის კარგი - უფრო მეტი პარტია უნდა შევიდეს პარლამენტში. გარკვეული საფრთხე ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაშიც არსებობს - შესაძლებელია, ვაშაძემ დემოკრატიისკენ კი არ წაიყვანოს ქვეყანა, არამედ განაგრძოს ბრძოლა „ქართულ ოცნებასთან“ და კინკლაობის რეჟიმი და ვაშაძის მხრიდან „ ბიძინას ავტოკრატიის“ სკანდირება დემოკრატიისკენ ნამდვილად არ წაიყვანს ქვეყანას.

- რას უნდა ველოდოთ მეორე ტურში?

- ამის პროგნოზი რთულია. ორივეს აქვს გამარჯვების შანსი. თუ სალომე ზურაბიშვილი წააგებს, მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილი იქნება, რადგან მან არ დაგეგმა კარგად ეს არჩევნები, არ შეარჩია სწორი კანდიდატი. მე ამომრჩევლის სიმრავლით ვიყავი გაკვირვებული, რადგან ვიცოდი, რომ ქართველ ხალხს არც ერთი კანდიდატი არ მოსწონდა.