გლობალური ვალი რეკორდულ დონეზეა
გლობალური ვალი რეკორდულ დონეზეა

A+ A-

16:42 19/02/2021

ხუთშაბათი, 2021 წლის 18 თებერვალი
1. აშშ-ში უმუშევრობის ზრდასთან ერთად ბაზრები დაეცა
2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3. დიდი რიცხვი: გლობალური ვალი რეკორდულ დონეზეა

უმუშევრობის ცუდი მაჩვენებელი აშშ-ში და აქციების ვარდნა

აშშ-ის კაპიტალის ბაზრები მთელი დღის მანძილზე ზეწოლას განიცდიდნენ, რასაც თან უმუშევრობის მოსალოდნელზე ცუდი მონაცემები დაერთო. შედეგად, ყველა ძირითადი ბაზარი ,,წითელ ზონაში’’ დაიხურა. გაყიდვები შემცირდა, თუმცა დიდ აქციებს, როგორებიცაა Apple (AAPL), Tesla (TSLA) და Facebook (FB), ბოლო რბოლებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათი მსვლელობა კი მეტწილად თანამედროვე საბაზრო სესიის მსვლელობასაც განსაზღვრავს.

13-თვიანი მაქსიმუმების დამყარების შემდეგ, ნავთობის ფასებმა ვარდნა იწყო, ვინაიდან აშშ-ს შუა დასავლეთის რეგიონში დიდი ყინვების შემდეგ დათბა. მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ტეხასელი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება. არის მსხვერპლიც. კვლევის საგანი გახდება საკითხი, თუ რატომ აღმოჩნდა ტეხასი მოუმზადებელი ამ ამინდისთვის და როგორ დაუშვეს ელექტროენერგიის მყარი ფასები 9000%-ით მატება, თუმცა ამჟამად პრიორიტეტი რეგიონში ენერგეტიკული სისტემის აღდგენაა.

შესაძლოა ასევე ჩატარდეს გამოძიება Robinhood- ის, Citadel Securities- ისა და სხვა მოთამაშეების შესახებ, რომლებიც უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში დღიური ვაჭრობის ორომტრიალის მონაწილენი არიან. ხუთშაბათს აშშ-ის ტელევიზიებმა პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტის მიერ ჩატარებული სასამართლო სხდომა გადასცეს.


გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

●    Walmart-მა მე-4 კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც არაერთგვაროვანია. შემოსავალმა რეკორდულ $152.1 მლრდ-ს მიაღწია, რადგან ამერიკული კომპანიის გაყიდვებმა 8.6%-ით იმატა. დაზუსტებული მოგება თითო აქციაზე (EPS) $1,39-ით განისაზღვრა, რაც ნავარაუდევზე ნაკლებია. კორონავირუსთან დაკავშირებულმა ხარჯებმა $1,1 მლრდ შეადგინა, ხოლო ბრიტანული ქონების გადასახადის შემსუბუქების შესახებ საცალო ვაჭრობის ფირმის გადაწყვეტილებამ EPS $0,07-ით შეამცირა. Walmart-ის მოხსენებაში ასევე საუბარია 2%-იანი წლიური დივიდენდის ზრდაზე.
●    Palantir Technologies-ის აქციები ხუთშაბათს დილით დაეცა (ამ დღეს მისი IPO-ს წილის ე.წ. ,,ლოქ-აფის’’ ვადა ამოიწურა). Bloomberg-ის ცნობით, როდესაც ბაზარი გაიხსნება, ვაჭრობის უფლება აქციების 80%-ს ექნება. მსხვილი მონაცემების კვლევის კომპანიამ ცოტა ხნის წინ ინვესტორებს მეოთხე კვარტლის შედეგებით იმედი გაუცრუა.
●    გასული კვირის მონაცემებით, Indeed.com-ზე ახალი ამერიკული ვაკანსიების რიცხვი პანდემიისწინა პერიოდის მაჩვენებელს 3,9%-ით აღემატებოდა (2020 წლის 1 თებერვალი). ამრიგად, ზედიზედ მეორე კვირაა, რაც გამოქვეყნების ტემპი უმჯობესდება, რითაც დაახლოებით გასული ზაფხულის აღმავლობის პერიოდს ემგვანება. განსაკუთრებით ბევრი ვაკანსიაა სააფთიაქო, საექთნო და სამედიცინო ტექნიკის სფეროში, რაც ვაქცინის გავრცელებამ განაპირობა.
●    Facebook-მა და Google-მა ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული გზა აირჩიეს ავსტრალიაში, სადაც მთავრობა სოცმედიის პლატფორმებს აიძულებს, ახალი ამბების გამოქვეყნებაში ფული გადაიხადონ. Facebook მომხმარებლებითვის სიახლეების ნახვის ან გაზიარებისგან დამცავ მექანიზმებს შემოიტანს, რითაც მათი წილი ავსტრალიელთა მიერ ე.წ. ,,ნიუს-ფიდში’’ ნახვად კონტენტში 4%-ზე ნაკლები იქნება. Google-მა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე საკუთარი პროდუქტის ქვეყნიდან გატანით იმუქრებოდა, რუპერტ მერდოკის News Corp-თან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
   
●    კანაფის კომპანია Tilray-ის აქციებმა წინასაბაზრო ვაჭრობისას მოიმატა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ წინა კვარტალში უფრო მცირე ზარალი და გაცილებით მაღალი შემოსავალი ნახა, ვიდრე ამას ექსპერტები ივარაუდებდნენ. გაყიდვები წლიურად 26%-ით გაიზარდა და $210.5 მლნ-ით განისაზღვრა. Aphria-ს შესყიდვის შესახებ მისი გარიგება 2021 წლის მეორე კვარტალში დაიხურება, რითაც მსოფლიოში უდიდეს კანაფის კომპანიას ჩაეყრება საფუძველი.
●    Ethereum-მა, Bitcoin-ის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტამ, ამ დილით ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, გადააბიჯა რა $1900-იან ნიშნულს. CoinDesk-ის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მან 3%-ით იმატა, წელს კი უკვე თითქმის 160%-იანი მოგება ნახა.
●    Blackbaud Institute-ის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქველმოქმედო ღონისძიებები აშშ-ში მხოლოდ 2%-ით გაიზარდა და $40,7 მლრდ შეადგინა, 2020 წელს ონლაინ-დონორობამ 20,7% -ით იმატა და $3,2 მლრდ-ს გაუტოლდა. კვლევა სულ 8 833 არაკომერციულ ორგანიზაციას მოიცავდა. Fidelity Investments-ის არაკომერციულმა განაყოფმა Fidelity Charitable-მა განაცხადა, რომ 2020 წელს მისმა დონორებმა თავიანთი საქველმოქმედო ანგარიშებიდან რეკორდული $9.1 მლრდ გასცეს, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 24%-ით უსწრებს. ამ შენატანის 68%-ს უნაღდო აქტივები შეადგენდა, რასაც მოგების გადასახადი მინიმუმამდე დაჰყავს. გაორმაგდა ციფრული შემოწირულობა, რომელიც $28 მლნ-ს გაუტოლდა. გასულ წელს საქველმოქმედო გადარიცხვებმა ყველაზე მეტად ადამიანთა მომსახურების ქვესექტორში (საკვები, საცხოვრებელი, სამსახურებრივი ტრენინგი და ა.შ.) იმატა.


Gamestop-ის ,,შორტ-სქუიზის’’ საქმე სასამართლოში ინაცვლებს

ხუთშაბათს კონგრესში ე.წ. ,,მიმური აქციების’’ გარშემო დატრიალებულ ამბებთან დაკავშირებით ფინანსურმა კომიტეტმა საგამოძიებო პროცესი გახსნა. სამი კვირის წინ მიმდინარე მოვლენათა ეპიცენტრში GameStop, Bed Bath & Beyond და AMC იმყოფებოდნენ. პროცესზე ჩვენებით წარსდგა Robinhood-ის აღმასრულებელი დირექტორი ვლად ტენევი, ასევე მისი კოლეგები სხვადასხვა ფირმებიდან: კენეთ გრიფინი (Citadel), გაბრიელ პლოტკინი (Melvin Capital Management) და სტივ ჰაფმენი (Reddit). სასამართლოს წინაშე ასევე გამოვიდნენ Cato Institute-ის ფინანსური რეგულირების კვლევათა დირექტორი ჯენიფერ შულპი და ინდივიდუალური საცალო ინვესტორი კიტ ჯილი, რომელიც რიგ სოციალურ პლატფორმებზე ,,Roaring Kitty’’-ის სახელითაა ცნობილი.  

მიუხედავად იმისა, რომ საცალო მოვაჭრეების, პოლიტიკოსებისა და სხვა ცნობილი ადამიანების რისხვა ძირითადად თავს ონლაინ-ბროკერებსა და რისკიან ფონდებს დაატყდა, მოსმენაზე დამოუკიდებელი მოთამაშე, 34 წლის კიტ ჯილიც დაიბარეს. უპირველესად, GameStop-ის ინვესტიციამ ერთ ღამეში მრავალი მილიონი სწორედ მას მოუტანა. მეორეც, ზოგიერთი შეხედულებით, სოციალურ მედიაში მისი აქტიურობა აქციების სხვა მყიდველებზე გავლენას ახდენდა. ,,მან უდიდესი ზარალი მიაყენა არა მხოლოდ მათ, ვინც ოფციონური კონტრაქტები შეიძინა, არამედ იმათაც, ვინც ჯილის ნაბიჯებს აჰყვა და GameStop-ის აქციები საბაზრო ორომტრიალის დროს დიდად გაბერილ ფასებში შეისყიდა’’, - ნათქვამია სარჩელში.

,,ინვესტირებისთვის საჭირო ჩემი უნარები იმ დონემდე დაიხვეწა, რომ ვგრძნობდი, - მათი საჯაროდ გაზიარება სხვებსაც წაადგებოდათ”, - ამბობს პასუხად ჯილი, ფინანსების აკრედიტირებული 34 წლის ანალიტიკოსი, რომელსაც ბოლო პერიოდამდე სადაზღვევო გიგანტ MassMutual-ში უმუშავია. ამჟამად მოყვარულ ინვესტორს ბრალი ფასიან ქაღალდებზე თაღლითობაშიც ედება.

WallStreetBets-ზე, Reddit-ის ფორუმზე, ბოლო 24 საათში უმეტესად GameStop-ის, Palantir-ის, Riot Blockchain-ის, Tesla-ს, Aphria-ს და Tilray-ის აქციები ფიგურირებს. იხილეთ ბოლო კვირის განმავლობაში მათი პერფომანსების ამსახველი გრაფიკი:


$281 ტრლნ

საერთაშორისო ფინანსთა ინსტიტუტის თანახმად, 2020 წლის დამლევს, ამდენით განისაზღვრებოდა საერთაშორისო გლობალური კერძო და სახელმწიფო ვალი. ეს სარეკორდო რიცხვია. შარშანდელი ნამატი - $24 ტრლნ მთელი გასული ათწლეულის მაჩვენებლის ($88 ტრლნ) მეოთხედს უტოლდება. მის ნახევარზე მეტს მთავრობათა სესხები შეადგენს, ვინაიდან ბევრმა ქვეყანამ დიდი ზომის ფინანსური სტიმულირების პაკეტების ამოქმედება დააანონსა.

ჯანდაცვის ისტორიული კრიზისის შედეგად, გლობალური დავალიანება/მშპ-ის შეფარდება 35 პროცენტული ქულით, 2020 წლის მშპ-ს 355%-მდე, გაიზარდა. ქვეყნები, რომლებზეც ვალი/მშპ-ის შეფარდების ზრდა ყველაზე მძიმედ აისახა, ძირითადად განვითარებულ ბაზარს წარმოადგენენ. მათ სათავეში საფრანგეთი, ესპანეთი და საბერძნეთი უდგათ. განვითარებული ბაზრიდან ამ დინამიკას ადგილი მხოლოდ შვეიცარიაში არ ჰქონია. გლობალური სამთავრობო ვალი მშპ-ს 105%-მდე გაიზარდა (2019 წელს 88%-ს შეადგენდა); არასაფინანსო კერძო სექტორის დავალიანებამ (იგულისხმება საყოფაცხოვრებო და კორპორატიული) 2020 წელს მშპ-ს 165% -ს მიაღწია (2019 წელი - 124%). ფინანსურ სექტორში ვალის მაჩვენებელმა, 2016 წლის შემდეგ პირველად, 86%-ს მიაღწია.

,,ზომბილენდი’’
ანგარიშის ავტორები „ზომბირებულ“ კომპანიებსაც (ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ოპერირებას, თუმცა არ აქვს ვალების სრულად დაფარვის შესაძლებლობა - რედ.) შეეხნენ. სახელმწიფო მთავრობებს გაკოტრების თავიდან აცილებისა და მათი ფინანსური სექტორების სისტემური რისკისგან დაცვის მიზნით ბალანსის დელიკატური აქტის შესრულება უწევთ, ეს კი მსგავს კომპანიებს აჩენს. ,,მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის მოსაგვარებლად ბიუჯეტური დეფიციტის საკითხზე მუშაობა მნიშვნელოვანია, გამოსავლის წორი სტრატეგიის პოვნა შეიძლება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს 2008/09 წლებში, ფინანსური კრიზისის დროს იყო”, - წერენ ისინი, - ,,პოლიტიკურმა და სოციალურმა ზეწოლამ შესაძლოა, დეფიციტისა და სესხის შემცირების მიზნით მთავრობათა არსებული მცდელობები შეზღუდოს, ამით კი საფრთხე შეუქმნას მათ შესაძლებლობებს, გაუმკლავდნენ მომავალ კრიზისებს. ასევე, შეიძლება კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედებისა და კაპიტალის ბუნებრივი დანაკარგის შემაკავებელი ღონისძიებები შეფერხდეს.”