"მოლაპარაკება, დიალოგი და კონსენსუსი პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით"
"მოლაპარაკება, დიალოგი და კონსენსუსი პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით"

A+ A-

21:12 24/02/2021

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ლანა გალდავას განცხადებით, საქართველოს ყავს აბსოლუტური ძალაუფლებით აბსოლუტურად გარყვნილი ხელისუფლება ერთპარტიული პარლამენტით, რომელმაც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად უნისონში, გასაბჭოების კვირაში, იუნკერების ხსოვნის დღეს, გააგრძელა გავრილიადა და შტურმი მიიტანა ოპოზიციაზე.

"გასაბჭოებიდან ასი წლის თავზე ისტორია კვლავ მეორდება. რუსეთის ფედერაცია ისევ გვიტევს, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც ფიზიკურად, ყოველდღიური მცოცავი ოკუპაციით (საოკუპაციო ხაზებთან მდებარე, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სოფლებიდან მოსახლეობის გატაცებით, მათი ფუნდამენტური უფლებების მუდმივი დარღვევით, მკვლელობებით), ასევე ჰიბრიდული ომის შემადგენელი კიბერშეტევებით, დეზინფორმაციითა და პროპაგანდით, რაც უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიული პროცესების ერთიანობისთვის.
 
საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლა როგორც საკუთარი, ასევე სხვა ხელისუფლებების შეცდომებზე და ნაცვლად უახლესი ისტორიის ანალიზისა, კვლავ დაადგა ძალადობის და ესკალაციის გზას. ნაცვლად იმისა, რომ ,,ქართულ ოცნებას" ეთანამშრომლა ოპოზიციასთან, სწორედ მასში დაინახა ,,ხალხის მტრები'' და მოიქცა ისე, როგორც ე.წ. ,,ტროიკები" ექცეოდა მოსახლეობას კანონის და სამართლიანობის აღდგენის სახელით, მარიონეტული და იმიტირებული სასამართლოს გამოყენებით. ისტორიის გაუაზრებლობით ხელისუფლებას დაავიწყდა ერთი რამ, რომ ყველა ,,ტროიკა", შემდეგ სხვა ,,ტროიკებმა" გაასამართლა და სამწუხაროდ, რეპრესიების ზემოაღნიშნულ ჯაჭვში, დავკარგეთ სახელმწიფო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებთან ერთად.

რა მოცემულობა გვაქვს დღეს? საქართველოს ხელისუფლების ფასადური დემოკრატიის მიღმა იგრძნობა დანაშაულებრივად კაპიტულანტური დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ. საქართველოს ყავს აბსოლუტური ძალაუფლებით აბსოლუტურად გარყვნილი ხელისუფლება ერთპარტიული პარლამენტით, რომელმაც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად უნისონში, გასაბჭოების კვირაში, იუნკერების ხსოვნის დღეს, გააგრძელა გავრილიადა და შტურმი მიიტანა ოპოზიციაზე. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გუშინდელი დღე მისთვის საბჭოთა არმიის დღეა და თუ ოპოზიციისთვის 25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების ტრაგიკული ფურცელია, მათთვის ზეიმია ტრადიციულ საბჭოთა სტილში, მოსკოვისთვის ზვარაკად შეწირული ოპოზიციით.

ისტორიულ გზაგასაყარზე, როცა ქვეყანას ევროატლანტიკური არჩევანის რეალური მომენტუმი აქვს, საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილოური ვექტორი არჩია, დემოკრატიის ნაცვლად კი ავტოკრატია.

ორი დღეა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ვისმენთ უმძიმეს განცხადებებს, რაზეც საქართველოს ყველა მოქალაქეს მოგვიწევს პოლიტიკური ფასის გადახდა. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა, არადა ხელისუფლებას უნდა ემოქმედა ისე, რომ მომხდარიყო ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანება და მინიმუმ, არ დაზიანებულიყო გაწევრიანების პერსპექტივა. არსებულმა მოვლენებმა მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველო, დემოკრატიული ინსტიტუტების მზადყოფნით, ერთპარტიული პარლამენტით, სიძულვილის ენით და ესკალაციით, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებით ეჭვქვეშ დადგა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად, ხელისუფლებას მოუწოდა დეესკალაციისკენ და დაგმო ოპოზიციონერის დაკავება. აშშ-ის კონგრესში მოქმედმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიამ (ჰელსინკის კომისია) მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიული პროგრესის შეუსაბამოდ მიიჩნია და ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს დაკავებული, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში აგრესიის ნაცვლად. აშშ-ის საელჩომ საქართველოში ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა უმწვავესი განცხადება მასზედ, რომ შეძრწუნებულები არიან კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით, დაგმო ძალისმიერი მეთოდები, აგრესია და გვაუწყა, რომ საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგი დაიწყო საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ხელისუფლების მოწოდებით, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, თავისუფლებისა და კანონიერებისადმი, პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფით. კონკრეტული პირების მიერ გამოითქვა საერთაშორისო სანქციების გამოყენების ვარაუდიც, მართალია არა ქვეყნის, არამედ ინდივიდუალური სანქციების მიზნობრივად კონკრეტული პირების მიმართ. საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა შეაფასეს ევროპარლამენტარებმა, ევროსაბჭოს წევრებმა, ეუთო-ს წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესმა პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, ომბუდსმენმა, საზოგადოებისთვის საერთაშორისოდ აღიარებულმა პირებმა და აშ... ყველა შეფასება არის მძიმე და გამოხატულია უკიდურესი შეშფოთება დემოკრატიული პროცესების ხელშეშლისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, სამხრეთ კავკასიაში უკანასკნელ ხანს განვითარებული მოვლენების ფონზე და მძიმე სოციალურ - ეკონომიკური ვითარების თანხლებით, არის კრიტიკულ ნიშნულზე. ამით კი ხარობს რუსეთი. სწორედ მის ინტერესებშია საქართველოში დემოკრატიის დასუსტება.

რა გზა გვაქვს ვითარების გამოსასწორებლად? მხოლოდ მოლაპარაკების, დიალოგის და კონსენსუსის პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკურ პარტიათა ჭიდილში და დაპირისპირებაში, არ უნდა დაზიანდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესები. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გადატვირთავს პოლიტიკურ პროცესებს და შესაძლებელი გახდება ერთობლივი მუშაობა ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საინტერესოა ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას ინიციატივა, რომელიც ემთხვევა "ლელოს" მიერ გაჟღერებულ ინიციატივას სერბულ მოდელთან დაკავშირებით მასზედ, რომ მზადდება რეზოლუცია ევროპარლამენტისთვის და ასევე განიხილება მედიატორთა ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა, სერბეთის პრეცედენტის მსგავსად, საქართველოში გამოსაგზავნად, რომელიც ერთ მაგიდასთან დასვამს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას და ექსპერტებს კრიზისის განსამუხტად", - აცხადებს ლანა გალდავა.